#ტაიმაუტი | ილიას ზუროსი - ფინეთთან ჩვენმა ნაკრებმა აჩვენა, თუ რას ნიშნავს ქართული მებრძოლი სული
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა „ტაიმაუტთან“ ეთერში განვლილი „ბაბლისა“ და მატჩების შესახებ ისაუბრა. ბერძენი სპეციალისტის თქმით, მისთვის წაგებაზე მეტად მიუღებელი დანებებაა, რაც მან სერბეთის წინააღმდეგ მატჩში დაინახა, ხოლო ფინეთთან კი ჩვენმა ნაკრებმა ყველას აჩვენა, თუ რას ნიშნავს ქართული მებრძოლი სული.
„სერბეთთან თამაშის კმაყოფილი არ ვარ. გვყავს ახალი მოთამაშე, რომელმაც ტრავმა მიიღო და მხოლოდ 18 წუთი ითამაშა. ის არ იცნობდა კარგად ჩვენს გუნდს და ტაქტიკას. ძალიან რთულია ასეთი დონის ნაკრებთან თამაში და სერბეთისთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ მატჩს. თამაშის დასასრულს, განსხვავება შესამჩნევი იყო, რადგან ჩვენ მოვდუნდით და დავნებდით, რაც მე არ მომეწონა. მე არ ვამბობ, რომ ცუდია ეს წაგება, მაგრამ დანებება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მეორე მატჩის შემთხვევაში, ეს იყო პირველად, როცა წამყვანი კალათბურთელის გარეშე მომიწია თამაში, რაც ჩემთვის ძალიან რთული იყო. მაგრამ მეორე ნახევარში მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ჩვენმა გუნდმა თავისი შესაძლებლობების 200% შეასრულა და აჩვენა რას ნიშნავს ქართული მებრძოლი სული. ჩვენ კარგად ვითამაშეთ ამ თამაშში, მაგრამ ძალიან ბევრი ენერგია დავკარგეთ, რის მერეც ძალა და უნარი აღარ შეგვწევდა, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიგვეღო. რა თქმა უნდა, ეს გამოწვევა იყო ჩვენთვის, მომავალში ეს გამოცდილება ძალიან გამოგვადგება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემთვის უდიდესი პატივია საქართველოს ნაკრებში მუშაობა, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავაძლიეროთ და გავაუმჯობესოთ სპორტის ეს სახეობა საქართველოში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება კალათბურთში. მოხარული ვარ, რომ „ბაბლმა“ წარმატებით ჩაიარა, ყველა ულოცავდა ფედერაციას, მათ უყვართ საქართველო, რაც სასიხარულოა ჩვენთვის.“
ზუროსმა ნაკრების ახალი წევრის, კონერ ფრენკამპის შესახებაც ისაუბრა.
„ნაკრებისთვის ახალი მოთამაშის შერჩევა ძალიან რთულია, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ცნობილი კალათბურთელი ჩამოვიყვანოთ, რომელიც წაადგება ეროვნულ გუნდს, მაგრამ ეს ასე არ არის. რთულია ისეთი მოთამაშის ჩამოყვანა, რომელიც ტოპ დონეზე თამაშობს. ჩვენ ვცდილობთ შევარჩიოთ საუკეთესო მოთამაშეები, რომლებიც მომავალში განვითარდებიან და მაღალ დონეს მიაღწევენ ან ავიყვანოთ ისეთები, რომლებიც კარგად ასპარეზობენ საშუალო დონეზე. რაც შეეხება ფრენკამპს, ის ძალიან კარგი მოთამაშეა, მისი ფიზიკური მონაცემები ძალიან კარგია. ყველა აღნიშნავს, რომ ის მომავალში მაღალ დონეზე ითამაშებს და ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელი იქნება, რაც სასარგებლო იქნება ჩვენი ნაკრებისათვის, რადგან არავინ არ ვართ დაზღვეული ტრავმებისგან და ყოველთვის უნდა გვყავდეს შესაძლო შემცვლელი და ნამდვილად კარგია ასეთი მოთამაშის ყოლა ეროვნულ ნაკრებში. მას გარკვეული პრობლემები ჰქონდა ტრავმამდე, რადგან ერთი თვით ადრე კორონავირუსი ჰქონდა და მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ იყო სათანადო ფორმაში“.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევრობასკეტი 2022-ის შესახებაც ილაპარაკა.
„გარკვეული ბანაკი გვექნება, სადაც ვიმუშავებთ ახალგაზრდა მოთამაშეებზე და ტაქტიკური კუთხითაც დავიწყებთ მზადებას ევრობასკეტისათვის. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ისე ჩაივლის როგორც ვგეგმავთ, არ შეგვიშლის ხელს პანდემია და შევძლებთ ყველა ჩვენი მოთამაშის ჩამოყვანას საქართველოში.