ტაიმაუტი | გოგა ბითაძე - „ფინიქსი“ წლევანდელი სეზონის ყველაზე დიდი აღმოჩენაა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრმა, გოგა ბითაძემ პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ შედის სამწამიანში, ის სახელებს არ უყურებს და შესაბამისად, ცდილობს ყველას დაუფაროს. ლებრონ ჯეიმსზე დაფარებაც მან ზუსტად ასე დაახასიათა, ლაპარაკის დაწყებამდე კი იხუმრა, რომ ლებრონს მან უკვე მეორეჯერ დაუფარა.
„უხეშად რომ ვთქვა – „მაგისთვის მიხდიან ფულს“, რომ ვინც შემოდის სამწამიანში იმას დავაფარო, სახელების ყურება რომ დავიწყო ძალიან რთული იქნება, მე ისეთი მენტალიტეტი მაქვს, რომ ვინც შემოვა უნდა ავუხტე და დავუფარო, სხვა გზა არ მაქვს.“
მსოფლიოს ყველა წამყვან ლიგაში და განსაკუთრებით NBA-ში უდიდესი ყურადღება ექცევა პერიმეტრიდან თამაშს, ეს თვისება ცენტრებსაც უნდა ჰქონდეთ, რაზეც გოგა ბითაძე „ტაიმაუტთან“ უფრო დაწვრილებით საუბრობს.
„თამაში ახლა ისე მიდის, რომ გუნდები უფრო მეტ სამქულიანს ისვრიან, ბავშვებსაც ისე ზრდიან მსოფლიოს ყველა სკოლაში, რომ ყველამ უნდა იცოდეს გარედან თამაში, პერიმეტრიდან სამქულიანების სროლა. ნიკოლა იოკიჩი, ჯოელ ემბიდი, კარლ-ენტონი თაუნსი, NBA-ში უკვე რამდენი ცენტრის დასახელება შეიძლება, რომლებიც პერიმეტრიდან კარგად ისვრიან. ამას უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ და ასე ზრდიან მოთამაშეებს, რაც ჩემთვის კარგია, რადგან შემიძლია სამქულიანების სროლა, უნდა ვივარჯიშო და შემიძლია ეს ერთ-ერთ ჩემს დადებით მხარედ ვაქციო.“
ბითაძემ მისთვის ყველაზე რთული მეტოქეები დაასახელა.
„ჯოელ ემბიდთან თამაში არ მომიწია, მაგრამ ჩემი გუნდელები როგორც მეუბნებიან, ის არის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე სამწამიანში. ნიკოლა იოკიჩი ძალიან რთული გასაჩერებელია, რადგან მას დიდი ყურადღება ექცევა, დაცვაში თამაშის დროსაც მსაჯები ძირითადად მე მიყურებენ და შესაბამისად, ძალიან რთულია მისი უჯარიმოდ გაჩერება. სამწამიანში თამაშს დიდი ყურადღება აღარ ექცევა, პერიმეტრიდან უფრო რთული არის ცენტრის გაჩერება, მაგალითად კარლ-ენტონი თაუნსი, ის ძალიან ბევრ სამქულიანს ისვრის და როგორც პერიმეტრის მოთამაშე ისე თამაშობს.
საბონისთან თამაში უფრო რთულია, მაგრამ მე უკვე ვისწავლე მისი მინუსები, რადგან ყოველდღე ვუყურებ, სხვა მოთამაშეებს რომ ჰკითხოთ მასთან თამაში რთულია, მას ასეთი გენეტიკა აქვს და ფიზიკურად ძალიან ძლიერია.“
21 წლის კალათბურთელმა პლეი-ოფის შესახებაც გაამახვილა ყურადღება.
„ნაკლებს „ფინიქსისგან“ არ ველოდი, მაგრამ მაინც გაკვირვებული ვარ, რომ ასე შორს წავიდნენ. რეგულარულში ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ მაინც ვეჭვობდი ასე შორს წასვლაზე. ალბათ, ეგ არის ყველაზე დიდი აღმოჩენა წლევანდელი სეზონის. რადგან შარშან ძალიან ცუდი გუნდი იყო, კრის პოლი მივიდა და შეცვალა მთელი გუნდი. „ბრუკლინი“ ბევრმა ტრავმამ შეაწუხა, მათ კაირი ირვინგი გამოაკლდათ, ჯეიმს ჰარდენი ტრავმით თამაშობდა, ისინი უნდა გასულიყვნენ ყველაზე შორს, მაგრამ ტრავმებმა შეუშალეს ხელი. „ატლანტა“ სენსაციაა ნამდვილად, ნეიტ მაკმილანმა ჩაიბარა ეს გუნდი, როცა ძალიან ცუდი სერია ჰქონდათ რეგულარულში და იმის მერე ჯამში დაახლოებით სულ 10 თამაში წააგეს. ახლა პლეი-ოფშიც პირველი თამაში მოიგეს სტუმრად მილუოკიში, რაც ძალიან რთულია და ვფიქრობ, რომ უფრო დიდი სენსაციები მოხდება პლეი-ოფში.“
ინტერვიუს ბოლოს კი გოგამ აღნიშნა, რომ ევრო 2020-საც ხანდახან უყურებს და მისი ფავორიტი გუნდები დაასახელა.
„ბავშვობიდან ინგლისს ვგულშემატკივრობ და ასევე ნიდერლანდებს, ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე კარგი მოთამაშე მემფის დეპაია.“