ტაიმაუტი | გოგა ბითაძე - 100 პროცენტს გავაკეთებთ, რომ ევრობასკეტზე ყველა თამაში მოვიგოთ #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ ინტერვიუში, „პეისერსის“ კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ევრობასკეტი 2022-ის შესახებ ილაპარაკა. ჩვენს ნაკრებს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უდიდესი რესურსი აქვს ამ ტურნირზე საკმაოდ შორს გავიდეს, რაც ჩვენმა ახალგაზრდა ცენტრმაც აღნიშნა.
„არამარტო კალათბურთის გულშემატკივრებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის დიდი პატივია ევრობასკეტის საქართველოში ჩატარება. რა თქმა უნდა, ნაკრები ყოველთვის წინ დგას და პრიორიტეტულია და იმედი მაქვს, რომ მთელი გუნდი ჯანმრთელად შევხვდებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან შეგვიძლია, რომ რაღაც განსაკუთრებული მოვახდინოთ ამ ევრობასკეტზე. ძალიან დიდი ხანია ნაკრებში არ მითამაშია და ვერ ვითმენ როდის ჩამოვალ და ამას შევძლებ.
ძალიან რთული ჯგუფი გვყავს, მაგრამ ეს კარგია – თუ ჩვენ შორს წასვლა გვინდა, მაინც მოგვიწევს რთულ გუნდებთან თამაში და ვფიქრობ კარგია, რომ ასეთი თამაშებისთვის მომზადება ჯგუფურ ეტაპზე გვიწევს. ვფიქრობ, რომ საქართველოში დიდი რესურსი და გულშემატკივრების მხარდაჭერა გვაქვს. 100 პროცენტს გავაკეთებთ, რომ ყველა თამაში მოვიგოთ, რისი შესაძლებლობაც ნამდვილად გვაქვს.“
NBA-ის 2021 წლის დრაფტი 29 ივლისს გაიმართება. წლევანდელი დრაფტი ქართველი გულშემატკივრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, რომ კალათბურთის საუკეთესო ლიგაში მოხვედრას სანდრო მამუკელაშვილი და გიორგი ბეჟანიშვილი შეეცდებიან. გოგამ ამ თემაზეც ილაპარაკა.
„სანდროსთან ძალიან ახლოს ვარ, მასთან მოსამზადებელი პერიოდის დროს ჩავედი, ვნახე როგორ ვარჯიშობდა, ისიც ჩემს სააგენტოშია, ვფიქრობ, რომ ასეთი ტალანტის დაკარგვა NBA-სთვის არ იქნება მიზანშეწონილი. წარმოუდგენელია ამხელა მოთამაშე ასე ატარებდეს ბურთს და ასე ისროდეს. ბეჟანიშვილს რაც შეეხება, ის წასული იყო თავიდანვე და მასთან კარგი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ისიც ძალიან ფიზიკური მოთამაშეა და ვფიქრობ, მასაც აქვს NBA-ში მოხვედრის შანსი, უბრალოდ სენიორებისათვის ცოტა რთულია დრაფტზე გასვლა, მაგრამ ორივეს აქვს შანსი და ამის დიდი იმედი მაქვს. თუ სანდროს ვიხილავ „ინდიანაში“ ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება“.