ტაიმაუტი | გიორგი მამარდაშვილი - ბედნიერი ვიყავი, რომ სანიოლი ჯგუფის ყველაზე რთულ თამაშში მენდო #1TVSPORT
ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ეროვნულ ნაკრებში პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე, ეროვნულ გუნდში არსებულ ვითარებაზე, ინგლისში თამაშის სურვილსა და საქართველოს ჩემპიონატის გაზრდილ დონეზე ისაუბრა.
ესპანეთში თამაშიც მინდოდა, მაგრამ როგორც ყველა მოთამაშე, მეც ინგლისში თამაშზე ვოცნებობდი. მაგრამ ესპანეთში ფსიქოლოგიურადაც განვვითარდი, ფიზიკურადაც ბევრ რამეში მოვუმატე და ბევრად გავიზარდე. რომ ვუყურებ, ახლა პირველ ეტაპთან შედარებით ძალიან დიდი სხვაობაა.
საქართველოს ნაკრების წარმატების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ძალინ შეკრული გუნდია. სწრაფი და ფეხბურთელები ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ შედეგი იყოს.
ჩრდილოეთ მაკედონიასთან დიდი გამოცდილება მივიღე. ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი აზრით, ჯგუფის ყველაზე რთულ თამაშში მწვრთნელი მენდო და ჩემი დებიუტით ბედნიერი ვიყავი.
მეკარეებში ჯანსაღი კონკურენციაა და ეს კარგია, მაგრამ მოედნის გარეთ ჩვეულებრივ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. საერთოდ, კონკურენცია ყველა გუნდში უნდა იყოს. ჩემი აზრით, ამ ნაკრებს და ამ თაობას შეუძლია, დიდ ტურნირზე გავიდეთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი.
გასვლით თამაშზე ქართველი გულშემატკივრის თანადგომა ძალიან დაგვეხმარა და დიდი მადლობა მათ. ბულგარეთთან რაზგადში ისეთი ატმოსფერო შექმნეს, თავი საშინაო თამაშზე მეგონა.
ჩემი აზრით, საქართველოს ჩემპიონატის დონე იმატებს, ხალხიც მეტი დადის, სტადიონებიც უკეთესია. დონე აშკარად იმატებს.“