ტაიმაუტი | გიორგი ლორია - „ანორთოსისის“ გულშემატკივართა ზეიმს პოლიციაც შეუერთდა #1TVSPORT
ტაიმაუტი | გიორგი ლორია - „ანორთოსისის“ გულშემატკივართა ზეიმს პოლიციაც შეუერთდა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ დღევანდელი გადაცემის სტუმარი საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარე გიორგი ლორია იყო, რომელმაც კვიპროსში დასრულებულ სეზონზე და ნიქოზიას „ოლიმპიაკოსთან“ მოგებულ (2:1) თასის ფინალზე ილაპარაკა.

„საკმაოდ მძიმე თამაში გამოდგა, რადგან მანამდე „ოლიმპიაკოსთან“ ჩემპიონატში 2 მატჩი მოვიგეთ და 2 წავაგეთ. რთული მეტოქე აღმოჩნდა. ჩვენც არანაკლები გუნდი ვართ თუ მეტი არა. მეტოქემ ფინალში მალე გაათანაბრა ანგარიში და ამან დაგვძაბა. მაგრამ კარგია, რომ საბოლოოდ ქვილითაიას გოლით მოვიგეთ. მიხარია, რომ 13 წლის შემდეგ გუნდს ტიტული მოვუპოვეთ. ძალიან დიდი განცდა იყო. თამაშამდე გულშემატკივრებმა ავტობანი გადაკეტეს და მათ პოლიციაც შეუერთდა. მატჩის შემდეგ კი მთელი ქალაქი ზეიმობდა ტიტულს ჩვენთან ერთად და კომენდანტის საათიც დაივიწყეს“, – განაცხადა „ტაიმაუტში“ გიორგი ლორიამ.

საქართველოს პირველი არხის გადაცემაში გამოცდილმა მეკარემ ილაპარაკა, აპირებს თუ არა „ანორთოსისში“ დარჩენას.

„მთავარია, რომ ტიტული მოვიპოვეთ და მთლიანობაში კარგი სეზონი გვქონდა. მე არ ვიცი, გუნდში ქეცბაია დარჩება თუ არა. ყველაფერი სეზონის შედეგებზე იყო დამოკიდებული და ფინალის შემდეგ გუნდის ხელმძღვანელებს თემურთან უნდა ელაპარაკათ. ქვილითაიასთან მოლაპარაკება მიდის, რადგან იჯარა დაუსრულდა. მე ხელშეკრულება კიდევ ერთი წელი მაქვს. ვნახოთ, სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება და ვნახოთ, მერე რა მოხდება“.

ლორიამ საქართველოს ნაკრების მოახლოებულ ამხანაგურ მატჩებზე ილაპარაკა.

ნიდერლანდებთან მაგარი თამაში იქნება, რადგან არასოდეს გვითამაშია, რუმინეთთან კი ბოლოს წავაგეთ და იმედია, რევანშს ავიღებთ. ახლა მწვრთნელს უფრო მშვიდად მუშაობის საშუალება ექნება, რადგან უფრო ხანგრძლივი შეკრება გვექნება. სანიოლს შემტევი ფეხბურთი უყვარს და დამეთანხმებით, მისი მოსვლის შემდეგ პატარა გარდატეხა მოვახერხეთ“.

მან კომენტარი ახალგაზრდა კონკურენტზე, გიორგი მამარდაშვილზეც გააკეთა.

„ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მამარდაშვილთან. უგუნდობის დროს „დინამოში“ ვვარჯიშობდი და მაშინ დავინახე, რამხელა ტალანტია. იმედია, გიორგის მალე ტოპ-კლუბში ვიხილავთ. სხვათა შორის, ნაკრებშიც ერთ ოთახში ვართ. ლაზარე კუპატაძეც მაგარ ფორმაშია და ბევრი მატჩი უგოლოდ დაასრულა“.

ლორიამ ნაკრების მატჩების ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა.

„ვუყურებდი ბათუმში გამართულ მატჩს. რასაც ევროპაში მიჩვეული ვარ, ანალოგიური იყო და ძალიან მესიამოვნა, რომ იქ ვითამაშებთ, რადგან მგონია, რომ ასეთივე ვითარებაში ითამაშებს ნაკრები. ასეთ სტადიონზე მისვლა გიხარია და ოჯახით წახვალ. სად ძველი სტადიონი და სად ასეთი კარგი და მოწყობილი არენა“.

ლორიამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ილაპარაკა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ სადაც წავა, ეს მისთვის საუკეთესო არჩევანი იქნება. ის იმსახურებს ტოპ-ლიგაში თამაშს, რადგან ძალიან კარგი ფეხბურთელია“.