ტაიმაუტი | გიორგი გულიაშვილი - უცხოეთში წასვლაზე ფეხბურთელი კარგად უნდა დაფიქრდეს #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ გიორგი გულიაშვილმა ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებთან 16 ნოემბერს ბათუმში მოგებულ (3:2) შეხვედრაზე ისაუბრა.
„გქონდათ თუ არა წინათრგრძნობა, რომ მოიგებდით? ერთ მხარეს იყავით საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელები, მეორე მხარეს კი – ინგლისის პრემიერლიგის გუნდის წევრები და ცოტა რთულია იმის წარმოდგენა, რომ ასეთ გუნდთან საქართველოს ნაკრები 3:0-ს წაიყვანდა“, – „საბურთალოს“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა ამ კითხვის შემდეგ ისაუბრა.
„ჩვენ ყველა გუნდთან მოედანზე მოსაგებად გავდივართ. ვიცოდით, რა დონის მეტოქეს ვხდებოდით და რთული თამაში გამოვიდოდა. მაგრამ მოსაგებად ვითამაშეთ და ჩემი აზრით, მწვრთნელის დავალებები ყველამ საუკეთესოდ შევასრულეთ, რამაც შედეგი გამოიღო“, – განაცხადა „ტაიმაუტში“ გიორგი გულიაშვილმა.
„ეს შედეგი იმის დამსახურებაა, რომ საქართველოს ჩემპიონატში რეგულარულად თამაშობთ და ამ შეხვედრიდან გამომდინარე, ჩვენი ჩემპიონატის დონემ აიწია“ -20 წლის თავდამსხმელმა წამყვანის კომენტარი ამ კითხვაზეც გააკეთა.
„სათამაშო პრაქტიკა ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ბევრს ნიშნავს და რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონატში თამაში დაგვეხმარა“.
მისი თქმით, ბოლო 10 წუთში გაშვებული გოლის მიზეზი გამოუცდელობა იყო.
„როდესაც ასეთი დონის მეტოქეს ხვდები, თამაშში 90 წუთი და დამატებული წუთებიც ჩართული უნდა იყო და არც ერთი წამით არ უნდა მოეშვა. ალბათ, ბოლოს გამოუცდელობამ თავისი ქნა. ჩავთვალეთ, რომ თამაში მოგებული გვქონდა და ჩემი აზრით, ეს ორი გოლი ამის ბრალი იყო“.
გიორგიმ არ დამალა, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშზე ოცნებობს და უცხოეთში წასვლის სურვილიც არ დამალა.
„ფეხბურთელისთვის ეროვნულ ნაკრებში თამაში ერთ-ერთი ოცნებაა, რომელიც უნდა აისრულოს. გამონაკლისი მეც არ ვარ და მოხარული ვიქნები, თუ ახლო პერიოდში საშუალება გვექნება, ქართველი ხალხი გავახაროთ. რაც შეეხება უცხოეთში წასვლას, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. კარგად უნდა დაფიქრდე, ეს ნაბიჯი შენს კარიერას წაადგება თუ არა“.
20 წლის თავდამსხმელმა „საბურთალოს“ შესახებ ისაუბრა.
„ჩვენი კლუბი საქართველოში გამორჩეულია და ყოველთვის დიდი გეგმები აქვს, რასაც ეტაპობრივად ვამტკიცებ. არც ეს სეზონი იყო გამონაკლისი და თასის ფინალში გავედით. ჩემი აზრით, სეზონი წარმატებული იყო. ახლა მთავარი ტიტულის მოპოვება იქნება, რაც ევროთასებზე გასვლაში დაგვეხმარება“.