ტაიმაუტი | გიორგი დემეტრაძე - ესპანეთში ქართველს არ ჰქონდა ნათამაშები და მინდოდა პირველი ვყოფილიყავი [ვიდეო] #1TVSPORT
ტაიმაუტი | გიორგი დემეტრაძე - ესპანეთში ქართველს არ ჰქონდა ნათამაშები და მინდოდა პირველი ვყოფილიყავი [ვიდეო] #1TVSPORT

ტაიმაუტის“ რუბრიკამ  #ფოტოსისტორია გიორგი დემეტრაძეს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა შემტევმა, 2000 წელს ჩემპიონთა ლიგის პირველ ჯგუფურ ეტაპზე  (2000-იანი წლების დასაწყში ჩემპიონთა ლიგაზე ორი ჯგუფური ეტაპი იყო, რის შემდეგაც პირდაპირ მეოთხედფინალისტები ირკვეოდნენ)  „ოლდ ტრაფორდზე“ გამართული მატჩი, როი კინთან დაპირისპირება და კიევის „დინამოში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა.

– ეს ფოტო „ოლდ ტრაფორდზეა“ გადაღებული. ჩემპიონთა ლიგაზე ორი ბუმბერაზი მწვრთნელის დაპირისპირება იყო, ჩვენგან ლობანოვსკი იჯდა სკამზე, იქედან სერ ალექს ფერგიუსონი.

– კიევში ჩვენ 0-0 ვეთამაშეთ. რაც შეეხება გასვლით მატჩს, „იუნაიტედს“ ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა – გიგზი, ბექჰემი, სქოულზი, კინი, იორკი და კოული. თამაში ისე მიდიოდა, რომ, ჩემი აზრით, უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ ფლობდა. 1-0-ს ვაგებდით (ტ.შერინგემი 18) და ასპროცენტიანი საგოლე შანსი მომეცა, რომელიც ჩემი კარიერის მთავარი კურიოზი გამოდგა… ნახევარი მეტრიდან საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენე. ეს რომ გამეტანა „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჯგუფში ვტოვებდით და ჩვენ ევროპა ლიგაზე გადავდიოდით… ასე რომ, ეს შესაძლებლობა ვერ გამოვიყენე.

 

– უძლიერესი შემადგენლობა ჰყავდა „მანჩესტერს“. რაც მე მახსოვს, მსგავსი დაცვის წინააღმდეგ არ მითამაშია. კედელივით იყვნენ. რაც შეეხება როი კინს, ის „მანჩესტერის“ ერთ-ერთი ლეგენდაა. ძალიან ხისტი, „რკინა“ ფეხბურთელი, ძალიან მუშა… ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო.

„როი კინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო.“

– კიევის „დინამოში“ გატარებულ წლებზე რა უნდა ვთქვა?!… კალაძე ჩემამდე ჩავიდა. მე რუსეთში გავხდი საუკეთესო ბომბარდირი („ალანია“) და მერე მიმიწვია „დინამომ“. რეკორდულ თანხად მიყიდეს. რაც კიევის „დინამომ“ ჩემში გადაიხადა მაგდენი ფული ფეხბურთელში ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში არ გადახდილა.

„კიევის „დინამომ“ რეკორდულ თანხად მიყიდა.“

– მე კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ ჩემი გუნდი ჩემპიონთა ლიგას თამაშობდა… გავხდი უკრაინის ჩემპიონი, თასის მფლობელი, ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშე, დაბადების დღეზე „ანდერლეხტს“ ორი გოლი გავუტანე, „ბავარიას“ გავუტანე… ასე რომ, კმაყოფილი ვარ…

 

– შემეძლო „დინამოში“ უფრო მეტი დრო გამეტარებინა, მაგრამ ვერ მოვითმინე, ცდუნებას ვერ გავუძელი და ესპანეთში გადავედი („რეალ სოსიედადი“). იმიტომ, რომ ესპანეთი იყო ჩემთვის წარმოუდგენელი… არავის არ ჰქონდა ქართველს ნათამაშები და მინდოდა პირველი მე ვყოფილიყავი.

გიორგი დემეტრაძეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში (1996-2007) 56 მატჩი აქვს ჩატარებული და 12 გოლი გაიტანა.