#ტაიმაუტი | გიორგი ჭიაბრიშვილი - ხალხმა „ლოკომოტივის“ შეხვედრებში დაინახა, რომ ქართველებს ფეხბურთის თამაში შეგვიძლია (ვიდეო)

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ევროპალიგაზე გუნდის გამოსვლაზე ილაპარაკა.

„უახლოეს წარსულს და საერთოდ, ისტორიას ვერ დაივიწყებ, მაგრამ სპორტი და პოლიტიკა მაინც უნდა გავმიჯნოთ – ჩვენ ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს და ეს ფეხბურთის მოედანია. საქართველოს ამით თუ წავადგებით. თუმცა მოსკოვის „დინამოსთან“ გამარჯვება ხალხისთვის მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ ვარ გახარებული,“ – განაცხადა „ტაიმაუტში“ გიორგი ჭიაბრიშვილმა.

მისი თქმით, მეტოქეები შესწავლილი ჰყავდა, მაგრამ თავად „ლოკომოტივის“ შესაძლებლობებზე წარმოდგენა შეეცვალა:

„ორივე მეტოქე კარგად შევისწავლეთ, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი გუნდი არ მყავდა ბოლომდე შესწავლილი და არ ვიცოდი, შეძლებდნენ თუ არა ასეთი გუნდების წინააღმდეგ ისე თამაშს – რაც „ლოკომოტივმა“ შეძლო. ბიჭებს და მთლიანად კლუბს დიდი მადლობას ვუხდი, რადგან მინდვრის მიღმა დიდი შრომა ჩაიდო“.

გიორგი ჭიაბრიშვილის თქმით, ამ თამაშებმა მნიშვნელოვანი რამ გამოაჩინა:

„ხალხმა ამ ორ შეხვედრაში დაინახა ქართული ფეხბურთის ფრაგმენტები და კარგად თამაში შეგვიძლია. ჩვენს ქვეყანაში იბადებოდნენ ჩივაძეები, ყიფიანები, მესხები… როგორ შეიძლება, რომ ახლა არ დაიბადოს? მაგრამ ამ ნიჭს ვერ ვანვითარებთ. საბედნიეროდ, ამ თამაშებმა პატარა ბიგძი მოგვცა – ხელი შევუწყოთ ბავშებს, რომ განვითარდნენ. იმედია, ეს იქნება ფეხბურთის განვითარების საწინდარი“.