ტაიმაუტი | გიორგი ათაბეგაშვილი - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციიდან გვაქვს შემოთავაზება, რომ გაისად მსოფლიო ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ათაბეგაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფასა. ამასთან, ათაბეგაშვილმა განაცხადა, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან არის შემოთავაზება 2024 წელს, ოლიმპიადამდე, მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს დედაქალაქში ჩატარდეს.
გიორგი ათაბეგაშვილი: „პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ქომაგს იმ ემოციისა და თანადგომისთვის, რომელსაც მთელი ტურნირის განმავლობაში ვგრძნობდით. ასევე, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ტიტანური შრომა გასწია, რომ გუნდს ასეთი შედეგისთვის მიეღწია. ეს შრომა დაფასდა და მივიღეთ სარეკორდო და ისტორიული შედეგი. პირველად ისტორიაში გავედით პირველ ადგილზე პირად-გუნდურ შეჯიბრებაში. პირველად ექვსი წლის შემდეგ, რაც გუნდური შეჯიბრება შერეული გახდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ, რაც ასევე ისტორიული შედეგია და კიდევ უფრო დავუახლოვდით 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებს.
ამას გარდა, 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა, რაც ამ წონაში არასდროს მომხდარა, თუ არ ჩავთვლით იაპონიას, რომელიც დაბალ წონებში ხშირად ახერხებს ფინალში გასვლას და ერთადერთხელ ყაზახეთის წარმომადგენლებმა მოახერხეს ასევე დაბალ წონაში.
მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ორი ოქროს მედალი ისტორიული შედეგია, აქვე ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეხუთედ მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვება.
წარმატებას შერეულ გუნდურ შეჯიბრებაშიც ველოდით. იშვიათად ნახავთ ისეთ მოტივირებულ და შედეგებზე ორიენტირებულ გუნდს, როგორც საქართველოს ნაკრები იყო დოჰაში. მინდა, განსაკუთრებით გოგონების წარმატება აღვნიშნო, რომლებმაც მონღოლეთის ნაკრებთან სასწაული მოახერხეს – სამივემ დადებითი შედეგი აჩვენა და გუნდს მისცა იმის მოტივაცია, რომ ასეთი წარმატებისთვის მიეღწია.
შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით ჩვენი გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა. ჭიდაობის ის სტილი, რომელიც ჩვენ გვაქვს, გამორჩეულია, რასაც ყველა აღიარებს.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციიდან გვაქვს შემოთავაზება, რომ გაისად, ოლიმპიადამდე, საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს. იმედი მაქვს, როგორც არაერთგზის ყოფილა, ახლაც გამოინახება შესაბამისი რესურსი და მხარდაჭერა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მხრიდან და ერთად გავხდებით ამ დიდი ფორუმის მასპინძელი და მონაწილე.
ორგანიზაციული თვალსაზრისით, ახალი დარბაზი, სადაც თბილისის გრანდ სლემი ჩავატარეთ („თბილისი არენა“), სავსებით აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას სჭირდება, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მზად ვართ, დანარჩენი კი საორგანიზაციო ხარჯებთან არის დაკავშირებული. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი დადებითად გადაწყდება და საქართველო ამ უდიდესი ფორუმის მასპინძელი გახდება“.