საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სპეციალურ გადაცემაში, „ტაიმაუტის“ ეთერში 26 მაისი ოლიმპიურმა ჩემპიონმა, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ მოგვილოცა.
გიორგი ასანიძე: „მნიშვნელოვანია დღეა, არამარტო სიტყვიერად, რომ 26 მაისია, არამედ იმ ისტორიის გათვალიწინებით, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას მოჰყვება და რომელიც ათწლეულებს, ასწლეულებსა და ათასწლეულებს მოიცავს. თუმცა, დამოუკიდებლობის უახლესი ისტორია 30 წელს ითვლის. მინდა, ქედი მოვუხარო ყველა იმ გმირს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას თავი შესწირა და მინდა, რომ იმ მომავლის თვალით შევხედო, რომელიც, თუნდაც დღეს ამ დარბაზში არის, იმ სპორტსმენების სახით, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნის ისტორიულ განვითარებაში. ჩვენ ჩვენი კუბერტენი გვყავდა გიორგი ნიკოლაძის სახით და ყველა ეს ადამიანი არის დასაფასებელი, რადგან ჩვენი ქვეყანა ისტორიისგან შედგება“.
გიორგი ასანიძემ „ტაიმაუტის“ წამყვანების თხოვნით გაიხსენა დღე, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახდა მეორე სორტმენი, რომელმაც ოლიმპიადაზე ქვეყანას ოქროს მედალი მოუტანა: „ჩვენთვის, ათენის ოლიმპიადაზე მონაწილე სპორტსმენებისთვის იმ დროს დროშაც კი ახალი იყო, ჰიმნიც და პასუხიმსგებლობის ზღვარიც უფრო მაღლა ავიდა. გვინდოდა, ჩვენი ქვეყანა გვესახელებინა. მადლობა ზვიადაურს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის ისტორიაში ოლიმპიადაზე პირველი ოქრო ძალიან ლამაზად მოუტანა, სამი დღის შემდეგ მეც მოვუტანე. სიხარულს ინდივიდუალურად განიცდის ადამიანი, მაგრამ სიამაყე, სიყვარული და პატივისცემა, რომელიც მივიღე, ავანსად დასაფასებელია და ძალიან გავუფრთხილდები, ამიტომ, ემოციებზე ბევრს ვერ გესაუბრებით“.
„ტაიმაუტის“ წამყვანების შეკითხვაზე – რამდენად მნიშვნელოვანია პატრიოტიზმის განცდა სპორტსმენის წარმატებისთვის და უშუალოდ შეჯობრის დღეს, როგორ მოქმედებს ეს გრძნობა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა უპასუხა: „რა თქმა უნდა. მადლობა ჩემს ბიჭებს, რომ გათვითცნობიერებული აქვთ, რა არის სამშობლო, რა არის პატრიოტიზმი, რა არის ზოგჯერ იმ დაუძლეველი სიმძიმის აწევა. ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ სწორედ ამ პატრიოტული მუხტით, ღირსებით, ქართული მენტალიტეტით, თუნდაც სიძლიერის დამტკიცებით, ჩვენ ხომ რაღაც დოზით პაექრობაში ვართ ამ დროს დანარჩენ მსოფლიოსთან, გამოვდივართ ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ყველაფერი ძალიან ღირსეულია, ძალიან კარგია და მადლობა ამ ბიჭებს. სამშობლოს სიყვარული ბევრ რამეზეა დამოკიდებული და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისტორიის განმავლობაში, არამარტო სპორტში, არამედ ომში გმირულად ყოფნამ, დამოუკიდებლობა მოგვიტანა და დღეს, აქ თავისუფალ სიტყვას ვამბობთ. პატრიოტიზმი არის ის საქმე, რომელსაც ვეწევით და ასე ერთიანობით უნდა განიხილებოდეს და ასე განვიხილავ, მე ჩემს სპორტსმენებში, იმ დადებით მუხტს, რომელიც ხანდახან შეუძლებელსაც კი აკეთებინებს ხოლმე“.
გიორგი ასანიძემ ტოკიოს ოლიმპიადისთვის ჩვენი გუნდის მზადებაზეც ისაუბრა: „მთავარი ამოცანაა, რომ ოლიმპიადაზე ფორმაში იყვნენ. ისეთი დატვირთვით ვმუშაობთ, რომ ამ კუთხით ჯერ შედეგზე ორიენტირებას არ ვაკეთებთ. მოკლე დრო გვაქვს. ახლა საჩხერეში ვიმყოფებით, მერე ბაკურიანში გადავინაცვლებთ, უფრო შერეული, კლასიკური ვარჯიშებისთვის. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი გადავერთვებით იმ შედეგზე, რომელსაც ჩვენი საზოგადოება წარმატებისთვის ითხოვს. კმაყოფილი ვარ, ყველაფერი გემის მიხედვით მიდის“.