გია ჭიაბრიშვილმა პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი მატჩები შეაფასა.
„ესპანეთთან 4-4-2 სისტემით თამაში გამიკვირდა, რადგან ასეთ ძლიერ მეტოქესთან ოთხი მცველის დაყენება თამამი გადაწყვეტილება იყო. თვეები და ზოგჯერ წლებია საჭირო, რომ გუნდი ხუთი მცველიდან ოთხზე გადააწყო. ფლანგის მცველები გოჩოლეიშვილი და აზაროვიც უფრო შემტევები არიან. საყრდენებადაც უფრო შემტევები იყვნენ და არა ჩამშლელები.
ამ შემადგენლობთ ბურთი ჩვენ უნდა გვეკონტროლებინა, განაპირა მცველებს შეეტიათ და სამივე შემტევი ნახევარმცველი კარიდან შორს უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბურთი ვერ ავიღეთ, დაცვაში ბევრი თავისუფალი სივრცე გვქონდა, ვერ შევუტიეთ და მოხდა ის, რაც მოხდა.
შეხვედრას გარედან სტრესის გარეშე რომ უყურებ, ადვილია იმის თქმა, რა არის სწორი და რა არასწორი. მეც შემტევი ფეხბურთის მოყვარული ვარ და დაცვიდან თამაში არ მიყვარს, მაგრამ ზოგადად ხუთი მცველით თუ ვთამაშობ, ესპანეთთან მოედანზე ექვსით გავიდოდი. თუმცა, თავად სანიოლმა უნდა თქვას, მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან განლაგების შეცვლა რატომ გადაწყვიტა.
სად დაიკარგა საქართველოს ნაკრების შეტევა ბოლო ორ შეხვედრაში? ესპანეთთან შეიძლება ვერ ითამაშო და ასევე ნორვეგიასთანაც. მაქსიმუმს ყოველთვის ვერ აჩვენებ. პრობლემა ისაა, რომ ჩვენი რესურსი შეზღუდულია. ნაკრებში ბევრი ახალგაზრდის გამოძახება იმაზე მეტყველებს, რომ გარკვეულ პოზიციებზე სასურველი დონის მოთამაშეები არ გვყავს.
მაგალითად, ჩვენ 6 ნომერი (საყრდენი ნახევარმცველი) არ გვყავს. მექვაბიშვილი? არჩევანი რომ მქონდეს, ვიტყოდი, რომ რამდენიმე ციკლის შემდეგ ის მთავარი 6 ნომერი უნდა გახდეს. თუმცა, დღეს იმ დონეზე არ არის, რომ დააყენო და ასეთ მეტოქეებთან თანაბრად ითამაშოს. ეს სანიოლის ბრალი არ არის. ესპანეთს კი სამი საყრდენი ჰყავს და სამიც თავის შანსს ელოდება.
ჩვენ ილუზიები გვაქვს. „ჰამრუნთან“ მატჩამდე მკითხეს, რას ვფიქრობდი. ვთქვი, რომ ისეთი გუნდი არ მყავს, პროგნოზები ვაკეთო-მეთქი. არ ვიცოდი, მოედანზე გასულები რას ვიზამდით. სანიოლმაც ვინ უნდა დააყენოს? ხან მარჯვენა მცველი გვაკლია და ხან – ვინ. თუმცა ახლა ბევრი კარგ გუნდში გადავიდა და იმედი მაქვს, სათამაშო პრაქტიკა ექნებათ, თავს დაიმკვიდრებენ და რამდენიმე ხანში კარგი ნაკრები გვეყოლება.
მაშინ შესარჩევის ამ ეტაპზე რატომ იბრძვიან ყაზახეთი, სომხეთი – ჩვენზე უკეთესი გუნდები ჰყავთ? მე მათ ამბავზე ვერაფერს ვიტყვი, ჩვენი კი ვიცი. საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა მთავარი მწვრთნელი არ არის. სანამ ჩვენ სულ იმას ვილაპარაკებთ, რომ წარუმატებლობა ხან ქეცბაიას ბრალია, ხან სანიოლის და ხან სამჭკუაშვილის, არაფერი გამოვა – ჩვენი სისტემის ბრალია.
შანსები ერთა ლიგის პლეი ოფში? წინა ციკლში ყველაზე მაგარი შანსი გვქონდა, მაგრამ შეცდომა დავუშვით. მოსაგებად ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ არც ფედერაციამ, არც მთავრობამ და არც ჟურნალისტებმა საამისოდ ყველაფერი არ გავაკეთეთ. რაც უნდა მომხდარიყო, ტრიბუნაზე მაყურებელი უნდა ყოფილიყო. ახლაც ერთა ლიგის პლეი ოფში შეიძლება მოვიგოთ, შეიძლება ვერ მოვიგოთ, რადგან მეტოქეებზე წინ არ ვართ. ზოგადად, დღეს ერთა ლიგის დონის გუნდი ვართ“, – ამბობს გია ჭიაბრიშვილი.