ტაიმაუტი | გია ჭიაბრიშვილი - კვარაცხელიას მეტოქეები დიდ ყურადღებას უთმობენ, რაც მისი აღიარებაა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გია ჭიაბრიშვილმა „ნაპოლი“-„რეალის“ შეხვედრასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„მთავარი, რის ხარჯზეც „რეალმა“ მოიგო, ჩემი აზრით, იყო გამოცდილება და კლასი. ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი ძლიერი გუნდია, მაგრამ უმთავრესად „რეალი“ იგებს, რადგან რაღაც სხვა აქვს და ეს მისი ტურნირია.
მთავარი, რის გამოც საქართველოში „ნაპოლის“ თამაშებს ვუყურებთ, ხვიჩა კვარაცხელიაა. იყო მოსაზრება, რადგან ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გააჩერეს, კარვახალი ძალიან რთული მეტოქეა, ახლა არაფერი გამოუვიდოდა. მე კი ვფიქრობ, ხვიჩამ თამაში ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა.
ამაზე საკუთარი მოსაზრება მაქვს. მთავარია, გუნდმა ითამაშოს, რადგან ხვიჩა ისეთ პოზიციაზეა, გუნდმა და ნაკრებმა ხელი უნდა შეუწყოს და ბურთი მიაწოდოს. თუ მთელი თამაში დაცვაში სირბილი მოუხდა, შეტევაში ისეთი ვერ იქნება, ჩვენ რომ გვინდა, დავინახოთ.
თუმცა „ნაპოლიმ“ ითამაშა, ხვიჩაც ხშირად ერთვებოდა, კარგადაც გაამწვავა და სულ სახიფათო იყო. მე ის მიხარია, კვარაცხელიას ნებისმიერი მეტოქე დიდ ყურადღებას რომ უთმობს. ბურთს რომ იღებს, ერთი მეურვეობს და მეორე აზღვევს. ეს უკვე გარკვეული აღიარებაა, რომ დიდი ფეხბურთელია“, – განაცხადა გია ჭიაბრიშვილმა.