ტაიმაუტი | დავით ნინიაშვილი - რაგბის მსოფლიო თასი დიდი წვეულებაა და ჩვენი მიზანია, იქ საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ #1TVSPORT
ტაიმაუტი | დავით ნინიაშვილი - რაგბის მსოფლიო თასი დიდი წვეულებაა და ჩვენი მიზანია, იქ საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ #1TVSPORT

5 მარტს, 16:00 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „ავჭალის“ სტადიონზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრას გამართავს რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ.

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ „ბორჯღალოსნებისა“ და ფრანგული „ლიონის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ნინიაშვილმა მომავალ თამაშზე ისაუბრა.

 

რუმინეთთან მატჩზე

რუმინეთის ნაკრებს ძალიან კარგად ვიცნობთ, ძლიერი ინდივიდუალური მოთამაშეები ჰყავთ. მათთან გასულ წელსაც ვითამაშეთ, თუმცა გარკვეულ ასპექტებში გაგვიჭირდა. წელს ვეცდებით, ეს ხარვეზები გამოვასწოროთ, დავჯაბნოთ მეტოქე მოლში, ხაზში, შერკინებაში თამაშში. ვეცდებით, მწვრთნელების დავალება ზუსტად გადავიტანოთ მოედანზე.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა რაგბი ევროპის ჩემპიონატი ახალი ფორმატით ტარდება. რაც მეტ თამაშს ჩავატარებთ ერთად, უკეთესი იქნება. პირველი თამაში არც ისე კარგი გამოვიდა, რადგან შეთამაშება გვაკლდა, მაგრამ შემდეგ ხარისხი გავაუმჯობესეთ და, ვფიქრობ, ახლა უკეთ ვართ მომზადებული, ვიდრე საწყის თამაშებში ვიყავით.

მსოფლიო თასი

ნაკრებში რომ მოვხვდი, მას მერე ვფიქრობ, როგორ ფორმაში ვიქნები მსოფლიო თასის მატჩები რომ მოახლოვდება. არა მარტო ჩემი, ყველა მორაგბის ოცნებაა, რომ, პირველ რიგში, ნაკრებში ითამაშოს წარმატებით, ნაკრებთან ერთად მიაღწოის შედეგს და ითამაშოს მსოფლიო ჩემპიონატზე. მსოფლიო თასი არის დიდი წვეულება, ჩვენი მიზანია, რომ კარგი ნაკრებით წარვსდგეთ ამ დიდ ფორუმზე, ბიჭები მაქსიმუმს გავიღებთ, რომ საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ.

იტალიასთან და უელსთან ჩატარებულმა თამაშებმა თავდაჯერება შეგვმატა. მწვრთნელებმა და მორაგბეებმაც დავინახეთ, რომ შეგვიძლია ნებისმიერ მეტოქესთან გავიდეთ, თანაბარ დონეზე ვეთამაშოთ და ტიერ 1-ის ქვეყნის ნაკრები დავამარცხოთ.

 

ნაკრების დებიუტანტი ლუკა ხორბალაძე

ლუკა ხორბალაძე ძალიან კარგი მორაგბეა. მაღალია, სწრაფია, ჰაერში კარგად თამაშობს. ვფიქრობ, მალე თავის სათქმელს იტყვის და მოახერხებს ნაკრებში თავის დამკვიდრებას.

ტოპ 14

ტოპ 14-ში თავის დამკიდრებისთვის საჭიროა თავდაუზოგავი შრომა. როცა შანსი მოგეცემა და ითამაშებ, იმ ერთი შანსით არ უნდა დაკმაყოფილდე, ყოველთვის ახალი შესაძლებლობა უნდა ეძებო, უნდა მიისწრაფოდე უკეთესი თამაშებისკენ, ეცადო ყოველი ვარჯიშისა თუ თამაშის შემდეგ, წინასთან შედარებით, უკეთესი გახდე.

ტოპ 14-ში თამაში, პირველ რიგში, მოთამაშეს დამოუკიდებლობას ასწავლის, ცხოვრების სხვა ეტაპზე გადადიხარ, ოჯახიდან მოშორებით, სხვა ქვეყანაში, ახალ გარემოში ცხოვრებას ეგუები.

„ლიონის“ მიზნები

თავიდან „ლიონის“ უმთავრესი მიზანი საფრანგეთის ტოპ 14-ის მოგება და „ჰეინეკენის თასზე“ წარმატებით გამოსვლა იყო. „ჰეინეკენზე“, სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა წარმატებით თამაში, დავქვეითდით და გადავერთეთ „ჩელენჯ კაპზე“. „ლიონი“ საფრანგეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და მთავარი აქცენტი ტოპ 14-ზე გვაქვს გადატანილი, მაგრამ არ გვავიწყდება, რომ 1 აპრილს „ჩელენჯ კაპზე“ გვაქვს თამაში და ყველა ღონეს ვიხმართ მეოთხედფინალში გასასვლელად.