ტაიმაუტი | დავით ნინიაშვილი - მოსამზადებელი ეტაპი კარგად მიდის და მოტივირებულები ვართ #1TVSPORT
ტაიმაუტი | დავით ნინიაშვილი - მოსამზადებელი ეტაპი კარგად მიდის და მოტივირებულები ვართ #1TVSPORT

საქართველოს რაგბის ნაკრები ტესტ-მატჩებისთვის ემზადება. ჩვენი გუნდი 6 ნოემბერს, 18 საათზე, „დინამო არენაზე“ ურუგვაის წინააღმდეგ ითამაშებს, 12-ში სამოას უმასპინძლებს, ხოლო 19-ში კარდიფში უელსს ესტუმრება.

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ახალგაზრდა „ბორჯღალოსანი“ და „ლიონის“ მოთამაშე დავით ნინიაშვილი ჩაერთო, რომელმაც ფრანგულ კლუბზე და საქართველოს ნაკრების მოსამზადებელ პერიოდზე ისაუბრა.

„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ტრავმის მერე რამდენიმე დღე თავის ტკივილი მქონდა, მაგრამ ყველაფერი კარგადაა და ნაკრებთან ერთად ვემზადები ურუგვაისთან მატჩისთვის. მოსამზადებელი ეტაპი ძალიან კარგად მიდის და ბიჭები მოტივირებულები ვართ, რომ გავიმარჯვოთ.

რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა კლუბისთვის, მიზანი ტოპ-14-ის ჩემპიონობა ან ჰეინეკენის თასის მოგებაა, დანარჩენს ყველაფერს სეზონი გვიჩვენებს.

გუნდიდან დაახლოებით 5 მოთამაშე და მთავარი მწვრთნელი წავიდა. პატარ-პატარა ცვლილებები არის კლუბში, რასაც ვეგუებით ბიჭები და ვცდილობთ ვითამაშოთ სხვა სისტემით ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად.

ჩვენი 15 ნომერი, ტობი არნოლდი, რომელიც 11 წელია თამაშობს „ლიონის“ რიგებში, ტრავმირებულია და მომიწია პოზიციის შეცვლა. ჩემთვის 11 და 15 ნომერი ერთი და იგივეა, ორივე უკანა ხაზია და ვცდილობ 15 ნომერს მოვერგო ახალ მწვრთნელთან ერთად. სავარაუდოდ, ტობი არნოლდი რომ დაბრუნდება, პოზიციას შევიცვლი და გადავინაცვლებ ფრთაზე.

რა თქმა უნდა, ყველაზე რთული მეტოქე იქნება უელსი, რადგან ტიერ 1-ის გუნდია და ვთამაშობთ კარდიფში. ჩვენი მიზანი იქნება ვანახოთ საუკეთესო თამაში.

დებიუტანტები ძალიან კარგად გადიან ადაპტაციას. ისინი უკვე მოერგნენ გუნდის სისტემას და ძალიან კარგად ჩაერთვნენ ვარჯიშებში.“