ტაიმაუტი | დავით კილაძე - მესი თუ მსოფლიო ჩემპიონი გახდება, საფეხბურთო უკვდავებას მიაღწევს #1TVSPORT
„მინდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ვინც ცხოვრებაში შემხვედრია“, – ასე წარადგინა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანმა ვლადიმერ გუცაევმა ახალი რუბრიკის, „გულშემატკივრის“ სტუმარი დავით კილაძე.
ფარმაცევტული კომპანია GPC-ის დამფუძნებელი ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივარია, მაგრამ ლიონელ მესის გამო, ყატარში გასამართ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გამარჯვებას არ გამორიცხავს.
„მესი უდიდესი ფეხბურთელია და ისტორიაში თავისი სახელი უკვე დაწერა. დადგა დრო, სანაკრებო დონეზე რაღაც ითქვას. პირველ დიდ სანაკრებო გამარჯვებას წელს კოპა ამერიკაზე მიაღწია. ახლა ის მთელი გონებით მსოფლიო ჩემპიონატზეა გადართული. ამან შესაძლოა, გადაწვას, მაგრამ მეორეს მხრივ, შესაძლოა, ყველაზე სანატრელ წარმატებას ამ დიდი მოტივაციით მიაღწიოს. და თუ მსოფლიო ჩემპიონი გახდება, საფეხბურთო უკვდავებას მიაღწევს“, – განაცხადა დავით კილაძემ.
დავით კილაძე გარდა იმისა, რომ ცნობილი ბიზნესმენია, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია და წლების განმავლობაში იყო დავით ყიფიანის საფეხბურთო ფონდის, ჟურნალ „ათიანის“ და სხვადასხვა საფეხბურთო ღონისძიებების პარტნიორი.