ტაიმაუტი | ბუდუ ზივზივაძე - იმედია, „ფეჰერვარზე“ უკეთეს გუნდში და უკეთეს ჩემპიონატშიც გადავალ, ეს მალე გაირკვევა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და „ფეჰერვარის“ თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საკუთარ გეგმებზე ისაუბრა და არ დამალა, რომ „ფეჰერვარის“ დუბლებში თამაშს არ აპირებს.
„მე ახლა „ფეჰერვარის“ მეორე გუნდში ვარ და, რა თქმა უნდა, მსურს, რომ წავიდე, თანაც კონტრაქტის დასრულებამდე 6 თვე დარჩა. არ ვაპირებ, ეს დრო მეორე გუნდში გავატარო. როგორც ვიცი, გუნდის ხელმძღვანელობას თავადაც უნდა, რომ გუნდი დავტოვო. ამიტომ ამ საკითხზე ჩემს მენეჯერთან ერთად ვმუშაობ და ალბათ უახლოეს პერიოდში გადაწყდება, სად გავაგრძელებ კარიერას.
არის რაღაც შემოთავაზებები, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული ისეთი არაფერია, რომ სერიოზულად დავფიქრდე და გადწყვეტილება მივიღო. თუმცა, სავარაუდოდ, დეკემბრისთვის ყველაფერი გაირკვევა. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ „ფეჰერვარზე“ უკეთეს გუნდში და უკეთეს ჩემპიონატშიც გადავალ“, – ამბობს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი.
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძეს თავის ყოფილ კლუბ „უიპეშტთან“ შეხვედრის შემდეგ მაისურის გაცვლის გამო სკანდალი აუგორეს და „ფეჰერვარის“ დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს.