ტაიმაუტი | ბუდუ ზივზივაძე - ფინალში გიორგი კაციტაძისთვისაც ვითამაშეთ, მის მიერ დაშვებული შეცდომა რომ გამოგვესწორებინა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძემ პირველ არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლის შესახებ ისაუბრა.
„ეს მარტო ჩვენი გამარჯვება არ არის, ეს მთელი საქართველოს გამარჯვებაა – გულშემატკივრების, ჟურნალისტების, ვინც ამ სფეროში იყო ჩართული – ამას მთელი საქართველო ზეიმობდა.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, სიმართლე გითხრათ, არ მჯეროდა, რომ მოვიგეთ. ემოციური დღე იყო და ვერ ვაანალიზებდით, რა მოხდა. ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად ჩვენ შევძელით ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა და მთელი ერი გავახარეთ.
თამაშამდე არ ვნერვიულობდით. სტადიონზე გასვლამდე მოგვმართეს გურამ კაშიამ და ხვიჩა კვარაცხელიამ. მათი სიტყვების შემდეგ ჩვენი მოტივაცია კიდევ უფრო გაიზარდა. მოედანზე შესულმა ყველა ფეხბურთელმა ბოლომდე იბრძოლა და ამან შედეგი მოიტანა, რაც ისტორიის დაწერას გულისხმობს.
ხვიჩა კვარაცხელია რომ დაგვემატა, ჩვენი თავდაჯერებულობა კიდევ უფრო გაიზარდა. ეს დამატებითი პლუსია, როდესაც გუნდში ასეთი მაღალი კლასის მოთამაშე გყავს, ხოლო კარში მამარდაშვილი დგას და მშვიდად ვართ.
ფინალში ნაკრების მენეჯერის, გიორგი კაციტაძისთვისაც ვითამაშეთ, რომ ის შეცდომა, რაც მან კვარაცხელიას ყვითელ ბარათთან დაკავშირებით დაუშვა, გამოგვესწორებინა, რადგან ჩვენ გუნდი ვართ“, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.