#ტაიმაუტი | ბექა გორგაძე - მომდევნო სეზონს ასოცი პროცენტით მომზადებული შევხვდები [ვიდეო]

ბოლო პერიოდში ფრანგულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი მესამეხაზელი ბექა გორგაძე სეზონის მიწურულს „ბორდოს“ დატოვებს და კარიერას „ბაიონში“ გააგრძელებს. ბექა ტრავმირებულია და ახლა რეაბილიტაციის პროცესშია, რათა მოედანს დროულად დაუბრუნდეს. საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გორგაძემ სწორედ ამ თემებზე ისაუბრა.

 

როგორ მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი?

– რეაბილიტაცია მოსალოდნელზე კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან მოვეშვა, ან დავაჩქარო პროცესები. ისევ ისე მივყვები დინებას, უკვე მეათე კვირაში ვარ და წესით სირბილსაც მალე შევძლებ, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, შევეცდებით, რომ არაფერი არ დავაჩქაროთ. როგორც ქირურგმა მითხრა, მოედანზე დაბრუნება ოპერაციიდან ექვს თვეში, ანუ მაისის ბოლოს შემეძლება, რა დროსაც სეზონი დამთავრებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონს ასი და ასოცი პროცენტით მომზადებული შევხვდები.

 

რატომ დაასრულე ურთიერთობა „ბორდოსთან“ და როგორია შენი სამომავლო გეგმები?

– ყველაფრის და მიუხედავად, ისე არ მთავრდება ჩემი „ბორდოში“ მოღვაწეობა, როგორც მე ვისურვებდი. ტრავმით და თამაშის გარეშე სეზონის დასრულება არავის სურვილი არ არის. როდესაც „მონ დე მარსანიდან“ ბორდოში წამოვედი, მაშინაც კოჭის ტრავმა მქონდა და ერთი წლის უთამაშებელი ვიყავი, მაგრამ ამის მიუხედავად მოვახერხე, რომ პირველ სეზონში გამომეჩინა თავი. პატარა ტრავმებმა შემიშალა ხელი და მნიშვნელოვან მომენტში წითელი ბარათი მივიღე. პატარ-პატარა ბარიერებმა ცოტა შემაყოვნა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მეორე წელს გუნდში სტაფი სრულად შეიცვალა, თან მსოფლიო თასის სეზონი დაემთხვა, შემდეგ კი დაიწყო პანდემია და საბოლოო ნაბიჯი ეს ტრავმა იყო, რამაც წერტილი დაუსვა ჩემს „ბორდოში“ თამაშს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის წერტილი – უახლოეს წარსულში მედიაშიც გაჟღერდა, რომ „ბაიონთან“ მქონდა კონტაქტი და თითქმის მივაღწიეთ კიდეც შეთანხმებას, მაგრამ ბოლო მომენტში ჩაიშალა. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაქვს კონტაქტები სხვადასხვა კლუბებთან და თუ სად გავაგრძელებ ახალი სეზონიდან თამაშს, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.

 

რა პრიორიტეტი გაქვს კლუბის შერჩევისას?

– პირველ წელს „ბორდოში“ რთულად აღსაქმელი იყო, რომ ტრავმის შემდეგ ამდენი სათამაშო  დრო მექნებოდა „ტოპ 14“-ში, მაგრამ ეს ასე გამოვიდა. იმედი მაქვს, რომ ტრავმას გართულება არ მოჰყვება და პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ამჯერადაც სათამაშო დრო იქნება. ცხადია, ეს გუნდის შერჩევის დროსაც იქნება ფაქტორი.