ტაიმაუტი | ბექა გორგაძე - მჯერა, „პოს“ წარმატებაში საკმარის წვლილს მეც შევიტან #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრმა ბექა გორგაძემ კლუბი შეიცვალა – „ბორდოდან“ „პოში“ გადავიდა. საფრანგეთის ტოპ-14-ის პირველ შეხვედრაში „მონპელიეს“ წინააღმდეგ ბექა სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა შემდეგში, „ტულუზასთან“ აღარ უთამაშია.
პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ბექამ ახალ კლუბზეც ისაუბრა და უთამაშებლობის მიზეზზეც.
„მხრის მცირე ტრავმა მივიღე და ვმკურნალობ. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია და 16 ოქტომბერს ჩემი ყოფილი კლუბის, „ბორდოს“ წინააღმდეგ ვითამაშებ“.
„პო“ გასულ სეზონში მე-12 ადგილზე გავიდა, რის შემდეგაც გუნდის შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა.
„შარშანდელი სეზონის შემდეგ „პოში“ 18 ახალი მორაგბეა. ისინი, ვინც აქამდეც გუნდში იყვნენ, ცოტა სკეპტიკურად უყურებენ ჩვენს შანსებს. მე კი მიმაჩნია, რომ ძლიერი გუნდი გვყავს და კარგი შედეგის ჩვენება შეიძლება“.
ბექასთვის კლუბის გამოცვლის ერთ-ერთი მიზეზი სათამაშო დრო იყო…
„სეზონის დაწყებამდეც ველაპარაკე მწვრთნელებს. მათგან ნდობას ვგრძნობ, რაც თავდაჯერებას მმატებს. ასე რომ, მჯერა, „პოს“ წარმატებაში საკმარის წვლილს მეც შევიტან“.