ტაიმაუტი | ავთანდილ ასათიანი - ფუტსალის ნაკრებში ბოლო მოგებებმა მშვენიერი ატმოსფერო შექმნა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი ჩაერთო და ევრო 2022-ისთვის გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
„ბოლო ორი თამაში ტაჯიკეთთან იმიტომ დავგეგმეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე კარგი განწყობით წავსულიყავით. თუმცა, ევროპის ჩემპიონატზე სხვა დონის მეტოქეები გვეყოლება. ვცდილობდით, ამ მატჩებში თამაში დაგვემუშავებინა და მიზანს მივაღწიეთ – გუნდში ამ მოგებებმა მშვენიერი ატმოსფერო შექმნა.
ალბათ, მზად ვართ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ. თუმცა, ამაზე ზუსტ პასუხს 22 იანვრის მატჩი გასცემს. კარგ პირობებში მოვემზადეთ და ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ თამაში დავხვეწოთ და კარგად ჩავატაროთ პირველი მატჩი აზერბაიჯანთან, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
მიხარია, რომ ასეთ მოთამაშეებთან ვმუშაობ, ისეთი პოზიტიური გარემო შექმნეს გუნდში. ეს შედეგებზეც უნდა აისახოს. ამიტომ მჯერა, რომ კარგად ვითამაშებთ.
აზერბაიჯანთან ძალიან რთულ მატჩს ველი. მაგრამ არა მგონია, რომ მათ იოლი გასეირნება ჰქონდეს. ჩვენ გვექნება ის ფსიქოლოგიური წნეხი, რაც მეტოქეს არ შეაწუხებს, რადგან დიდ ტურნირებზე არაერთხელ უთამაშია.
ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ფუტსალი გავაცანით. ახლა არ მაქვს ის განცდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მივდივართ – ზეწოლა არაა და შესაძლოა, ეს კარგიც იყოს.“