ტაიმაუტი | ავთანდილ ასათიანი - ჩვენი ნაკრების მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“, ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ავსტრიასთან მოახლოებულ შეხვედრაზე და გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
„მზადება გეგმის მიხედვით მიდის. ერთადერთი გულდასაწყვეტი ის არის, რომ შეკრებისთვის ცოტა დრო გვქონდა. ლეგიონერებს კლუბებში ჰქონდათ თამაშები და სრული შემადგენლობით მხოლოდ დღეს შევიკრიბეთ. უნდა ვეცადოთ, რომ დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ და აუცილებლად მოვიგოთ, რათა ელიტრაუნდის საგზური მოვიპოვოთ.
ავსტრიის ნაკრებთან სტუმრად მოპოვებულმა გამარჯვებამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ, ერთი წამიც არ შეიძლება მოდუნება. გამარჯვების მოსაპოვებლად მაყურებლის მხარდაჭერა დაგვჭირდება.
ხვალინდელი მატჩისთვის გვაქვს მოტივაცია. ავსტრიასთან პრიორიტეტი 3 ქულის მოპოვებაა, რადგან ასეთ შემთხვევაში, ელიტრაუნდის საგზურს 99 პროცენტით გავინაღდებთ. მხოლოდ ის იქნება გასარკვევი, ჯგუფში რომელ ადგილზე გავალთ – იმედია, ამ ეტაპს პირველ პოზიციაზე დავასრულებთ.
მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის პერსპექტივას იმედიანად ვუყურებთ – ესაა ჩვენი საბოლოო მიზანი, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ჯგუფური ეტაპის მატჩები რომ დასრულდება, მერე იქნება წილისყრა და შანსებზე ამის შემდეგ უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ.
უკვე დავამტკიცეთ, რომ ანგარიშგასაწევი ძალა ვართ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, რეიტინგში მე-10 ადგილს ვიკავებთ, რაც სარეიტინგო ქულებს გვაძლევს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რათა წილისყრის დროს ისეთ კალათაში მოვხვდეთ, რომ შედარებით იოლი მეტოქეები შეგვხვდეს.
პირველი პრეცედენტია, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი შესარჩევი რაუნდის გარეშე დავიწყეთ და პირველ კალათაში მოვხვდით. სწორედ ამიტომ შეგვხვდა ავსტრია და არა ესპანეთი, ან რომელიმე სხვა გრანდი.
გულშემატკივარი ყოველთვის გვერდში გვიდგას და დარწმუნებული ვარ, დარბაზში მათი ნაკლებობა არც ავსტრიასთან მატჩის დროს იქნება, მით უმეტეს თამაშზე დასწრება თავისუფალია. ვფიქრობ, ერთად უნდა ვისიამოვნოთ ხვალინდელი თამაშით“- განაცხადა „ტაიმაუტში“ ავთანდილ ასათიანმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მესამე შეხვედრას, საქართველოს ფუტსალის ნაკრები ავსტრიასთან 9 ნოემბერს გამართავს – მატჩი სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება, თამაშზე დასწრება თავისუფალია.