ტაიმაუტი | ანდრეი დემჩენკო - ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს მკაცრი ხელი სჭირდებათ #1TVSPORT
გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი“ ამსტერდამის „აიაქსში“ ვერშემდგარი კარიერის, გორის კლუბზე, საქართველოს ნაკრებისა და ჩვენი ფეხბურთის პრობლემებზე ილაპარაკა.
ამსტერდამის „აიაქსი“
მოსკოვის ცსკა-ს შემდეგ „აიაქსში“ ოთხწლიანი კარიერა გავაფორმე. იყო პრობლემები, ენობრივი ბარიერი და ადაპტაციისთვის ერთი წელი დამჭირდა. ეს დრო ენის შესასწავლად, აკლიმატიზაციაში დავკარგე. ლუი ვან გაალი, ვინც მიმიყვანა, დანიელმა ოლსენმა შეცვალა და მას კარგად ვერ შევეწყვე. ამიტომ კონტრაქტი დამიმთავრდა და წავედი.
საქართველოს ჩემპიონატში მუშაობა
მიწვევა მეგობრისგან, ირაკლი მოდებაძისგან მივიღე და მეუღლესთან ერთად გადავწყვიტე, ცხოვრებისეული და სპორტული პრინციპებიდან გამომდინარე ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა. უკრაინაში პირველ ლიგაში ვმუშაობდი, ახლა – უმაღლესში. ამიტომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.
ქართული ფეხბურთის დონე
კლუბისთვის მთავარია კარგი დაფინანსება, სელექცია და საწვრთნელი პროცესის გონივრულად დაგეგმვაა. საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელები არიან – ძალიან ნიჭიერები. მაგრამ არ ჰყოფნით დისციპლინა, სასურველია, ფეხბურთზე მეტს ფიქრობდნენ – დღეში მინიმუმ 18 საათი მაინც. ყველაფერი ერთმანეთზეა აწყობილი – კვება, რეჟიმი, შენი ცხოვრების წესი… წინა დღეს თუ გასართობად წახვალ, მეორე დღეს ვერ ივარჯიშებ.
საქართველოს ნაკრების რამდენიმე თამაში ვნახე და კოლეგიალურად არაკორექტული იქნება, ვილი სანიოლის რჩევები მივცე. ზოგადად კი ვიტყვი, რა არ ყოფნის გუნდს – ქართველები ცხოვრებაში უფრო შემტევი და შემოქმედებითები არიან. ნაკრებს არ ყოფნის უფრო გახსნილი და შემტევი ფეხბურთი და ხშირად საკუთარ საჯარიმოსთან ვხედავთ… აი, ესაა. მე რა თქმა უნდა, უფრო შემტევი ფეხბურთის ხილვა მსურს, რაც თქვენ სისხლში გაქვთ. ჩემი აზრით, ნაკრების მოთამაშეებს უფრო მკაცრი ხელი სჭირდებათ. ქართველებს არც ისე კარგი თვისება აქვთ – რაღაც შედეგს რომ აღწევენ, უცებ ეშვებიან.
გორის „დილა“
გორის „დილაში“ ცოტაოდენი უკრაინული მენტალიტეტი ჩამოვიტანე. ამან იმუშავა და ბიჭებიც წამომყვნენ – ამიტომ ჩვენთან ფეხბურთელები თამაშში ბოლომდე ემოციურად იხარჯებიან. ამით ბიჭებიდან მაქსიმუმს ვიღებთ.
ბოლო ტურში „დინამო თბილისთან“ ფრედ ვითამაშეთ. ეს კარგი დონის გუნდია, მაგრამ ახალი მწვრთნელი ჰყავთ და რაღაც იცვლება. წინა ტურში „თელავთან“ წააგეს და ამიტომ ჩვენთან უფრო ფრთხილად ითამაშეს. შეხვედრაც უფრო ნერვული გამოდგა.
მიმდინარე სეზონში ჩვენი მიზანი ევროთასების ზონაში მოხვედრაა. ჩვენ ძლიერი კონკურენტები გვყავს, რომლებიც მოდუნების საშუალებას არ გვაძლევენ. დიდი კონკურენციაა, რისი მაგალითიც ჩვენთან ქუთაისის „ტორპედოს“ გამარჯვება გამოდგება. აქ ყველა თამაში ბრძოლაა.
„დილას“ ევროტურნირის ჯგუფში მოხვედრის პოტენციალი
სამეულში უნდა მოვხვდეთ და საამისოდ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ არ გვაქვს ისეთი რესურსი, როგორც ბათუმის „დინამოს“. გუნდი „ლოკომოტივთან“ აგებდა, ისეთი შეცვლები გააკეთეს და 7:3 მოიგეს. ანუ რესურსი აქვთ. მაგრამ ცხადია, ჯგუფში მოხვედრაზე ვფიქრობთ.
არ ვიცი, საქართველოში როდემდე დავრჩები. მაგრამ აქაურობა ძალიან მომწონს – ცხოვრებაც, ხალხიც, კომფორტული სამუშაო პირობები, ერთი ბარიერი ენაა და განსხვავებული მენტალიტეტია. მინდა მეც გავიზარდო და „დილაც“ გავაძლიერო.