საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის, თად მაკფადენის „სან პაბლო ბურგოსი“ ესპანეთის „ლიგა ენდესას“ ნახევარფინალში იასპარეზებს. მაკფადენის გუნდისთვის ამ შედეგის მიღწევა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან „ბურგოსი“ პანდემიამდე სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე იმყოფებოდა, საბოლოოდ კი ფინალურ ეტაპზე მოხვდა.
„ბურგოსის“ მეტოქე „ანდორა“ იყო. შეხვედრა ძალიან დაძაბულად წარიმართა. გადამწყვეტი მეოთხედის წინ, მაკფადენის გუნდი 10 ქულის სხვაობით აგებდა, თუმცა მობილიზება შეძლო და საბოლოოდ 88-86 მოიგო.
მაკფადენი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. მოედანზე გატარებულ 26:25 წუთში მან 13 ქულა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა დააგროვა.
ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შეხვედრას „ბურგოსი“ მადრიდის „რეალთან“ გამართავს, თუმცა მაკფადენის გუნდს ფინალური ეტაპის საგზური უკვე მოპოვებული აქვს და სამეფო კლუბთან თამაშის შედეგს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
ნახეავრფინალში მაკფადენის „ბურგოსი“ „ბარსელონას“ შეხვდება, ხოლო თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ ტურნირის ფინალური ეტაპის მასპინძელ „ვალენსიას“ დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 28 ივნისს გაიმართება.