თად მაკფადენი - ქართველი ვარ, საქართველო ჩემი ოჯახია #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამერიკელი უკანახაზელი თად მაკფადენი იტალიაში შეუერთდა. ის ვენესუელაში მხოლოდ დროებით წავიდა და იქაურ კლუბში ითამაშა. თადი ჩვენი ნაკრების ერთგულია და ეს ტრევიზოში გაკეთებულ კომენტარებში კიდევ ერთხელ დააფიქსირა:

საქართველო

– ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში, აქაურობა ჩემი მეორე სახლია. ვერ ვიხსენებ ბოლო თამაშს, რომელიც გამოვტოვე, აქ ჩამოსვლა ყოველთვის მინდა, ყოველ ჯერზე, როცა ამის შანსი მეძლევა, თქვენთან ვარ. მე ვიცნობ ქვეყანას, ვიცნობ ბიჭებს, რომლებიც ყოველთვის კეთილ სურვილებს მიგზავნიან. აქაურობა ჩემი ოჯახია, შესაბამისად, არ მინდა, რომ ოჯახს ვუღალატო. საქართველო ძალიან ბევრს კარგ რაღაცას აკეთებს ჩემთვის. გულშემატკივრები „ფეისბუქზეც“ კი მირეკავენ, რამდენიმეს ველაპარაკე კიდეც, მეუბნებიან, რომ ვენატრები. იმ სიყვარულის გამო, რომელსაც თქვენგან ვიღებ, ვნატრობ, რომ 60 წლამდე თამაში შემეძლოს.

შანსები

– ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ვერ დავასახელებ ერთ კონკერეტულ ნაკრებს, რომელიც მგონია, რომ მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს, წელს ძალიან კარგი გუნდები იღებენ მონაწილეობას, კალათბურთი ვითარდება. წინა მსოფლიო ევროპულმა გუნდმა მოიგო. აუცილებელია სათამაშოდ გახვიდე და ყველაფერი შესაძლოა მოხდეს. მჯერა ჩემი გუნდის. მხოლოდ მსოფლიოზე ყოფნით არ დავკმაყოფილდებით, კმაყოფილები კარგი თამაშით და ასპარეზობით ვიქნებით და ვეცდებით, რაც შეიძლება შორს წავიდეთ.

მეტოქეები

– მგონია, რომ ჩვენს ჯგუფში ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. გულწრფელად რომ გითხრათ, ვენესუელაზე ბევრი არაფერი ვიცი, ვიცნობ ერთ-ერთ გამთამაშებელს, რომელიც ძალიან კარგი კალათბურთელია. მითამაშია მათ მაღალ ცენტრთან ერთად, რომელიც ასევე მშვენიერი მოთამაშეა. ბევრი არაფრი მსმენია მათ სისტემაზე, თუმცა გუნდს ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, როგორც ყველა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე. იქ შემთხვევით არავინ თამაშობს. მჯერა, რომ ჩვენს ჯგუფში ყველა თამაშის მოგება შეგვიძლია.

ვენესულური კლუბი

– საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის თამაში ჩემთვის ყოველთვის ნომერი პირველი იყო. არასდროს მიფიქრია ვენესუელისთვის თამაში, არც ვიცი, ეს ინფორმაცია საიდან გაჩნდა. ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ ეს იყო სამსახური, სადაც მეტის გამომუშავება შემეძლო და სანამ ვენესუელური კლუბის შემოთავაზებას დავთანხმდებოდი, ვიკითხე, შემექმნებოდა თუ არა ეროვნულ ნაკრებთან პრობლემები. მხოლოდ უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ დავთანხმდი მათ წინადადებას. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსთვის თამაშში ხელი შემეშლებოდა, ვენესუელაში არ წავიდოდი, მე ქართველი ვარ.

GBF.GE