WTA-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე მეორე ტური დაიწყო. სინგაპურის კორტი თეთრ ჯგუფში შემავალ ჩოგბურთელებს დაეთმოთ. ტრადიციულად, მეორე ტურში მოთამაშეები ასე წყვილდებიან: ერთ მატჩში პირველ ტურში წაგებულები ხვდებიან ერთმანეთს, მეორე წყვილში – მოგებულები.
წაგებულების მატჩში დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ 2 საათი და 19 წუთი ბრძოლის შემდეგ, სამ სეტში დაამარცხა ჩეხი პეტრა კვიტოვა და შეინარჩუნა ნახევარფინალში გასვლის შანსი.
დანიელს ბრეიკ-პოინტების ბრწყინვალე რეალიზაცია ჰქონდა – ცხრიდან ექვსი. კვიტოვამ უფრო მეტი – 13 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ მხოლოდ ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. თუმცა, ჩეხს ასეთი შანსები მესამე სეტში აღარ ჰქონია და მოქმედმა ჩემპიონმა ვოზნიაცკიმ გადამწყვეტი პარტია იოლად მოიგო – 7:5, 3:6, 6:2.
დღის მეორე მატჩში ჯგუფში ლიდერობისთვის ხვდებოდნენ ერთმანეთს უკრაინელი ელინა სვიტოლინა და ჩეხი კაროლინა პლიშკოვა.
პირველ სეტში სვიტოლინამ რვიდან რვა ბრეიკ-პოინტი მოიგერია და ერთადერთი ბრეიკით მოიგო. მეორე სეტში უკრაინელს ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია, მისმა მეტოქემ კი ორიდან ორი შანსი გამოიყენა და მესამე სეტის ჩატარება გახდა საჭირო.
ბოლო პარტიაში სვიტოლინამ დაიბრუნა ინიციატივა და 4:0 წაიყვანა ანგარიში. პლიშკოვამ სცადა გაბრძოლება, ერთხელ მატჩზე არ ჩააწოდებინა უკრაინელს, მაგრამ მაინც წააგო. 6:3, 2:6, 6:3 სვიტოლინას სასარგებლოდ საათი და 56 წუთი ბრძოლის შემდეგ.
თეთრ ჯგუფში ორი ტურის შემდეგ ორი მოგებით სვიტოლინა ლიდერობს. თითო მოგება აქვს პლიშკოვა და ვოზნიაცკის, არც ერთი – კვიტოვას.