სვანაძემ საზონოვი ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახა - გუნდს სამი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება #1TVSPORT
სვანაძემ საზონოვი ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახა - გუნდს სამი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება #1TVSPORT

რამაზ სვანაძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, რომელიც სექტემბერში ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს.

5 სექტემბერს ახალგაზრდა „ჯვაროსნები“ მოლდოვის ახალგაზრდულ ნაკრებს „ბათუმი არენაზე“ უმასპინძლებენ, 9 სექტემბერს კი ვენლოში ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან.

21-წლამდელთა მოახლოებულ შეკრებას დისციპლინარული სანქციის გამო უკრაინული ჟიტომირისპოლისიეს“ მცველი გიორგი მაისურაძე (გაძევება) გამოტოვებს, ხოლო ტრავმების გამო გუნდს ლუკა სალუქვაძე („დინამო თბილისი“) და გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია) ვერ დაეხმარებიან.

ექვსი ტურის შემდეგ საქართელოს 13 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა. 10 ქულით მესამე ადგილს შვედეთი იკავებს, ხოლო ნიდერლანდები 21 ქულით პირველ ადგილზეა.

ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“), ლუკა ხარატიშვილი („დინამო“ ბათუმი), ლევან თანდილაშვილი („თელავი“).

მცველები: საბა ხვადაგიანი, ნიკოლოზ უგრეხელიძე (ორივე – „დინამო თბილისი“), საბა მამაცაშვილი („სირიუსი“, შვედეთი), ზურაბ რუხაძე („დილა“), დავით ზურაბიანი („კოლხეთი“ ფოთი), ლადო ოდიშვილი („თელავი“), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი“, იტალია), საბა საზონოვი („ტორინო“, იტალია).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი (ორივე – „იბერია 1999“), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ლევან ოსიყმაშვილი („დინამო თბილისი“), ირაკლი ეგოიანი („ვიტესი“, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე („დინამო“ მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე („დილა“), თორნიკე მორჩილაძე („თელავი“).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი, ჯადული იობაშვილი (ორივე – „დინამო თბილისი“), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი აბუაშვილი („კოლხეთი“ ფოთი).