სუს-მა თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
სუს-მა თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე მინადორა დ. დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ საქართველოში დარღვევით შემოიტანა სხვადასხვა სახის საქონელი, რის გამოც საქართველოს საბაჟო საზღვარზე დაიწყო კანონით გათვალისწინებული პროცედურები-ტვირთის დათვალიერება და თანმხლებ დოკუმენტაციასთან შედარება. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა მინადორა დ-სთვის, რომელმაც განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა თურქი ბიზნესმენის თანხას. ამ მიზნით დაუკავშირდა მას და არწმუნებდა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნებისთვის 13 000 ლარის გადახდის შემთხვევაში დააჩქარებდა საქონლის განბაჟებასთან დაკავშირებულ პროცედურებს და ტვირთის მესაკუთრისთვის დაბრუნებას.

მინადორა დ-მ დაითანხმა თურქი ბიზნესმენი და 2019 წლის 14 ივნისს წინასწარ გამოართვა თანხის ნაწილი- 6 000 ლარი, რა დროსაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს“, – აცხადებენ სუს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.