საქართველოს სუპერთასი 24 თებერვალს გაიმართება – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება – ქვეყნის ჩემპიონი „საბურთალო“ საქართველოს თასის მფლობელ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.
„ტორპედო“ ბოლო 3 წელიწადში ტიტულისთვის მესამედ იბრძოლებს – 2017 წელს კახა ჩხეტიანის გუნდი მარტვილში გამართულ შეხვედრაში „სამტრედიასთან“ 1:2 დამარცხდა, 2018 წელს თბილისში, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ საჩხერეს „ჩიხურასთან“ 2:1 მოიგო, ხოლო 2019 წელს საპატიო ტიტულისთვის „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.
გორი სუპერთასის მატჩს მეორედ მასპინძლობს: პირველად ეს 2007 წელს მოხდა, როდესაც თბილისის „ამერმა“ „რუსთავი“ 4:1 დაამარცხა.