სუპერლიგის პროექტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ უეფა-ში კიდევ ერთხელ გამოხატეს უარყოფითი დამოკიდებულება ახალ ტურნირთან დაკავშირებით #1TVSPORT
უეფა-მ, ეროვნულმა ლიგებმა, კლუბებმა, ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ზოგადი ნეგატიური დამოკიდებულება თვითგამოცხადებული სუპერლიგის მიმართ – ამის შესახებ A22 Sports-ის ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განცხადება უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
„უეფა-მ დღეს დააკმაყოფილა კერძო კომერციული კომპანია A22 Sports-ის თხოვნა ნიონში შეხვედრის შესახებ. უეფა-ს ხელმძღვანელობამ, პრეზიდენტის ალექსანდრე ჩეფერინის ხელმძღვანელობით და ეროვნული ლიგების, კლუბების, ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების მაღალჩინოსნებმა ერთად ხაზგასმით აღნიშნეს ნეგატიური დამოკიდებულებაა თვითგამოცხადებული სუპერლიგის მიმართ.
ევროპული ფეხბურთის ერთიანობის პრინციპების შესაბამისად, უეფა-მ და ყველა დაინტერესებულმა მხარემ დისკუსიაზე კიდევ ერთხელ ერთხმად უარყვეს პოსტულატები, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროპის სუპერლიგის პროექტს. აუდიტორიამ, ყოველგვარი მოულოდნელობის გარეშე, A22 Sports-ის აღმასრულებელი დირექტორისგან შეიტყო, რომ არცერთ კლუბს არ წარმოადგენს – მათ შორის იმ სამი კლუბს, რომლებიც პროექტის ღია მხარდაჭერას აგრძელებენ.
უეფა და სხვა დაინტერესებული მხარეები რჩებიან ევროპული ფეხბურთის ძირითადი ღირებულებების ერთგული, რომელიც დაფუძნებულია ღიაობაზე, სოლიდარობაზე და ემსახურება სპორტული პრინციპებისა და საზოგადოებრივი ინტერესების უფრო ფართო მიზნებს, ვიდრე პრივილეგიებსა და ქედმაღლობას.
ამ მიდგომამ მიიღო ერთსულოვანი მხარდაჭერა ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან და ფართო მხარდაჭერა გააჩნია ევროპაში ეროვნული მთავრობების, საჯარო ინსტიტუტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან“, – წერია უეფას განცხადებაში.
შეხვედრას უეფა-ს უმაღლესი ხელმძღვანელობის გარდა, ყველა წამყვანი ფიგურა ესწრებოდა – ხავიერ ტებასი, ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტი; მატიე მორეი, ინგლისის პრემიერლიგის საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი; დონატა ჰოპფენი, გერმანიის ბუნდესლიგის მმართველი დირექტორი; ლუიჯი დი სიერვო, იტალიის სერია A-ს მმართველი დირექტორი; ვინსენტ ლაბრუნი, საფრანგეთის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი; ნასერ ალ-ხელაიფი, ევროპის კლუბების ასოციაციის თავმჯდომარე და უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი (პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტი); კარლ-ჰაინც რუმენიგე, ევროპის კლუბების ასოციაცია – საპატიო თავმჯდომარე და უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი; ოლივერ კანი, ევროპული კლუბების ასოციაცია – ვიცე-თავმჯდომარე და მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელი დირექტორი.
უეფა-ში შეხვედრაზე A22 Sports-ს წარმოადგენდნენ ბერნდ რაიჩარტი, ანას ლაგრარი და ჯონ ჰანი… ინგლისურმა კლუბებმა ღონისძიებაზე დასწრება პრემიერლიგის აქციონერთა დაგეგმილი შეკრების გამო ვერ შეძლეს.