სუპერ საბამ „რანდერსს“ მოაგებინა - ლობჟანიძე საუკეთესოდ დაასახელეს [ვიდეო]

საბა ლობჟანიძემ დანიაში გაიბრწყინა. დანიის სუპერლიგაში ძირითადი ეტაპის შემდეგ, 14 გუნდი სამ ჯგუფად დაიყო: ექვსი საუკეთესო ჩემპიონობასა და ევროთასების საგზურებს გაითამაშებს, ლობჟანიძის „რანდერსი“ და კიდევ შვიდი გუნდი გასავარდნი ზონის ორ 4-4-გუნდიან ჯგუფში მოხვდა, რომლებიც სუპერლიგაში დასარჩენად იბრძვიან.

რანდერსმა“ პირველ ტურში „ლუნგბიუს“ უმასპინძლა და ქართველის დახმარებით, 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი ლობჟანიძემ გაიტანა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. 23 წლის ფეხბურთელმა თავი მე-15 და 31-ე წუთებზე გამოიჩინა.

„სუპერ საბამ გამარჯვება მოგვიტანა. შესანიშნავმა ქართველმა „ლუნგბიუს“ კარი ორჯერ აიღო“, – ასე შეაფასა თამაში „რანდერსის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა და ლობჟანიძე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.