სულამანიძე აზერბაიჯანელ გასიმოვთან დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა #1TVSPORT
სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში სამი ქართველი სპორტსმენი აგრძელებს მედლებისთვის ბრძოლას. ახალგაზრდა ილია სულამანიძემ (+100) საკუთარ გულშემატკივრებს იმედები გაუცრუა – მან პირველივე შეხვედრა უშანსოდ დათმო აზერმაიჯანელ ელმარ გასიმოვთან და შეჯიბრს დაემშვიდობა.
ამავე წონაში ვარლამ ლიპარტელიანი რამდენიმე წუთში გამართავს პირველ დაპირისპირებას. ცოტა ხნით ადრე ლუკა მაისურაძემ (90კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100) ტურნირზე გამოსვლა წარმატებულად დაიწყეს. ლუკამ ესტონელი ლენ კრისტოფერ კალიულაიდისი ვაზარით დაამარცხა, თუშიშვილმა კი ოდნავ მძიმედ დაიწყო, ქართველმა გერმანელ ლოსენი კონეს დამატებით დროში სძლია. მაისურაძე მერვედფინალშია, გურამი კი ნახევარფინალში გასასვლელად იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია. ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, მესამე ადგილი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიპოვა.
ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. დღეს პირდაპირი ტრანსლაცია თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.