უეფა-ს კამპანია „სუფთა ჰაერი, უკეთესი თამაში“ ევროპის 21-წლამდელ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას ორი ქვეყნის მასპინძელ ქალაქებში მიმდინარეობს. გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე საქართველოსა და რუმინეთში კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი. კამპანიის როლსა და მნიშვნელობაზე უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდს ორგანიზაციის მდგრადობის დირექტორი მიქელე უვა ესაუბრა.
რა არის კამპანიის „სუფთა ჰაერი, უკეთესი თამაში“ მიზანი და რატომ გადაწყვიტეთ მისი ხელახლა გაშვება წელს?
კამპანია თავდაპირველად 2021 წელს დაიწყო უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სლოვენიასა და უნგრეთში. ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოგვეყენებინა ევროპის დონეზე ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული სანაკრებო ტურნირის პლატფორმა, რათა მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყროს გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობამ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ჰაერის დაბინძურებაზე, რაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ყოველწლიურად შვიდ მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. ასევე, საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას და ჩვენი თამაშის მომავალს. სწორედ ეს იყო ამ კამპანიის გზავნილი, რომლის ირგვლივაც გაერთიანდნენ გულშემატკივრები მასპინძელ ქვეყნებში და მის ფარგლებს გარეთ. კამპანია საქართველოსა და რუმინეთში წელს მიმდინარე ტურნირის დროს განვაახლეთ, რათა გავაგრძელოთ ცნობიერების ამაღლება ამ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ და შთავაგონოთ ევროპული საზოგადოება, ჩაერთონ ინიციატივებსა და აქტივობებში, რომლებიც იცავს გარემოს.
რა აქტივობები განხორციელდება საქართველოსა და რუმინეთში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას და რა მემკვიდრეობა დარჩება მასპინძელ ქვეყნებში?
უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ორი მასპინძელი ფედერაციის პრეზიდენტებს, რაზვან ბურლეანუსა და ლევან კობიაშვილს, რომლებმაც გამოხატეს მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიისა და კამპანიის რუმინეთსა და საქართველოში გააქტიურების მიმართ. ჩვენ წავახალისებთ მონაწილე ეროვნულ ასოციაციებს, მოთამაშეებს, გულშემატკივრებს, მოხალისეებს და პერსონალს, ყველა დაინტერესებულ მხარეს, მიიღონ მონაწილეობა ეკოლოგიურ აქტივობებში სხვადასხვა ინიციატივის მეშვეობით, რომლებიც მოეწყობა მასპინძელ ქალაქებში. ეს ინიციატივები ფოკუსირებული იქნება ნარჩენების მენეჯმენტზე, დასუფთავების აქციებზე და სხვა აქტივობებზე.
როგორ ჯდება ეს კამპანია თქვენს მთლიან მდგრადობის სტრატეგიაში?
უეფა პირველი სპორტული ორგანიზაციაა, რომელმაც შეიმუშავა ფეხბურთის მდგრადობის 10-წლიანი სტრატეგია. ჩვენ დავიწყეთ იმ კონცეფციიდან, რომ ფეხბურთი უბრალოდ არ უნდა მიჰყვეს ეკოლოგიის დაცვის საზოგადოებრივ ტენდენციებს – ფეხბურთმა სიახლე უნდა შემოიტანოს. ჩვენი მიდგომა განპირობებულია წინდახედული აზროვნებით, რომელშიც ჩვენ წარმოვიდგენთ სტაბილურ, ეკოლოგიურ მომავალს და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ამის მისაღწევად. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენი საქმე ინვესტიციაა. კამპანია „სუფთა ჰაერი, უკეთესი თამაში“ არის ერთ-ერთი ასეთი მცდელობა, რომელიც დაგვეხმარება კონკრეტული საკითხების მოგვარებასა და ჩვენს მიზნებთან მიახლოებაში.
რისი გაკეთება შეუძლია უეფა-ს მსგავსი ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად?
ფეხბურთი მსოფლიოში სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობად ითვლება და უდიდესი პოტენციალი აქვს დადებითი ცვლილებების მოსახდენად. უეფა-ს მიზანია, მიაღწიოს ეკოლოგიურ მდგრადობას ხანგრძლივ პერსპექტივაში და ვთვლით, რომ ვალდებულები ვართ ამ საქმეში საკუთარი წვლილი შევიტანოთ. რეალისტები უნდა ვიყოთ და აუცილებლად საჭიროა ბალანსის დაცვა იმ საკითხებს შორის, სადაც ფეხბურთს რეალური გავლენის მოხდენა შეუძლია და სადაც ჩვენი გავლენა არაპირდაპირი, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი იქნება. უამრავი პრობლემაა და მათი გადაწყვეტა მხოლოდ ფეხბურთს არ შეუძლია, თუმცა გვაქვს საშუალება, რომ ავამაღლოთ ცნობიერება ამ საკითხში და უფრო ფართო აუდიტორიასთან გვქონდეს კომუნიკაცია.
რამდენად მჭიდროდ ითანამშრომლებს უეფა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის ევროკავშირთან, სოციალურ და ეკოლოგიურ საკითხებში დასახული ამოცანების მისაღწევად?
ჩვენი მიზანია შთავაგონოთ და გავაფართოვოთ შესაძლებლობები, რათა დავაჩქაროთ კოლექტიური მოქმედება სოციალური და ეკოლოგიური სტაბილურობის მისაღწევად. თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ შედეგი მხოლოდ ერთიან ძალისხმევას მოაქვს. ჩვენ ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ საერთაშორისო ინსტიტუტებს, მთავრობებს და ოთხ მილიარდზე მეტ ფეხბურთის გულშემატკივარს და ოფიციალურ პირებს მთელ მსოფლიოში, გაერთიანებულებს იმ საერთო რწმენით, რომ სტაბილურობა წარმატებული საზოგადოების ქვაკუთხედია. სათანადო საფეხბურთო სულისკვეთებით, ჩვენ ვცდილობთ ვიმუშაოთ და ვცდილობთ შევქმნათ ნათელი მომავალი.
კიდევ რას გეგმავს უეფა, რათა ფეხბურთი კიდევ უფრო მეტად იყოს სოციალურად პასუხისმგებლიანი კლიმატსა და გარემოზე ზემოქმედების გათვალისწინებით?
უეფა-მ გამოხატა თავისი გრძელვადიანი გეგმები ამ კუთხით. უეფას სტრატეგია 2030 არ განიხილება, როგორც საბოლოო შედეგის მიღწევის ეტაპი, არამედ განიხილება ათვლის წერტილად ცვლილებების ასაჩქარებლად. ამ პროცესს აუცილებლად სჭირდება ინოვაციური მიდგომა. ვიცით, რომ ცვლილებები აუცილებელია, თუმცა ინვესტიცია მოძველებულ იდეებში შედეგს არ მოგვიტანს. ჩვენი სტრატეგია ითვალისწინებს მკაფიო გადასვლას ცნობიერების ამაღლებისა და ჩართულობის ხელშეწყობიდან კონკრეტულ ქმედებებზე. მოხარული ვართ, როცა ვხედავთ ჩვენი საფეხბურთო საზოგადოების გულწრფელ ერთგულებას ამ საერთო მიზნების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ მათ შეუძლიათ, დაგვეხმარონ საზოგადოების შთაგონებასა და მობილიზებაში.