სტრანდბერგი თანაგუნდელებს აფრთხილებს - არავინ იფიქროს, რომ საქართველოსთან ადვილი შეხვედრა გველის #1TVSPORT
სტრანდბერგი თანაგუნდელებს აფრთხილებს - არავინ იფიქროს, რომ საქართველოსთან ადვილი შეხვედრა გველის #1TVSPORT

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოსთან შეხვედრა ნორვეგიის ნაკრებისთვის იოლი არ იქნება. ესპანეთთან ქართველების მარცხმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს – ამის შესახებ ნორვეგიელების მცველმა, შტეფან სტრანდბერგმა ისაუბრა.

„საქართველოს ნაკრებს ესპანეთის წინააღმდეგ თამაში ცუდად წაუვიდა, მაგრამ არავინ იფიქროს, რომ ნორვეგიას ადვილი შეხვედრა ელის, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს.

საქართველოს დიდი ხანია საკუთარ მოედანზე არ წაუგია, მაგრამ ესპანეთმა 7:1 დაამარცხა. მასპინძლებმა ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დაუშვეს, რასაც, როგორც წესი, ამ დონის მატჩებში არ უშვებენ. ქართველებმა ჩვეულებრივზე გახსნილად ითამაშეს, მათი ტაქტიკაც განსხვავებული იყო, ამჯერად ოთხი მცველით გამოვიდნენ და არა ხუთით, როგორც ჩვენთან თამაშისას.

საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია, ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. მათ შემადგენლობაში „ოქროს ბურთის“ ნომინანტი ხვიჩა კვარაცხელია და „აიაქსის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე თამაშობენ. უბრალოდ, ესპანეთმა თავისი შანსებით კარგად ისარგებლა. საქართველო ასეთი სუსტი გუნდი არაა, როგორც ესპანეთთან გამოჩნდა.

მას შემდეგ, რაც ნორვეგიის ნაკრებში სტოლე სოლბაკენი დაინიშნა, ევროპაში ერთ-ერთი იმ გუნდთაგანი ვართ, რომელიც ცოტა გოლს უშვებს. დაცვაში კარგად ვთამაშობთ, თუმცა, როგორც ყველას, გასაუმჯობესებელი ჩვენც ბევრი გვაქვს.

წლევანდელ მატჩებში ნორვეგიის ნაკრებმა სასურველ შედეგებს ვერ მიაღწია. ამის გამო, ევრო 2024-ზე მოსახვედრად ჩვენი მიზანი მატჩიდან მატჩამდე შანსის შენარჩუნებაა. ნორვეგიის ნაკრებს გაცილებით მეტი ქულა უნდა ჰქონდეს. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგაა. იმედი ვიქონიოთ, რომ სამშაბათს სასურველ შედეგს მივაღწევთ“, – ამბობს ნორვეგიის ეროვნული ნაკრების მცველი.

ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102.3) პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.