სტივ კინი - ქუთაისის „ტორპედო“ რამდენიმე ფეხბურთელს დაიმატებს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა საგაზაფხულო ეტაპი შეაჯამეს, რომელიც გუნდმა ეროვნულ ლიგაში მეორე ადგილზე დაასრულა.
მერაბ გიგაური, ქუთაისის „ტორპედოს“ კაპიტანი: „პირველ რიგში, მადლობა გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდითაა. მათი როლი გუნდის წარმატებაში უდიდესია. სეზონის სტარტზე მიზნად ჩემპიონობა დავისახეთ და ის უცვლელია. მართალია, შეუთამაშებლობის პრობლემა გვქონდა, რის გამოც დასანანი ქულები დავკარგეთ, მაგრამ ახლა ყველაფერი გამოსწორდა. ორი წრის შემდეგ ცხრილში მეორე ადგილზე ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სეზონის ბოლოს პირველები ვიყოთ“.
სტივ კინი, მთავარი მწვრთნელი: „ჩემპიონები ასე ხდებიან ხოლმე. ყველა მატჩს უმაღლეს დონეზე ვერ ჩაატარებ, თუმცა მთავარია, რთული მატჩის მოგება ისწავლო. ალბათ ყველა ხედავს, რომ გუნდი ტურიდან ტურამდე იზრდება.
დავმეგობრდით, ერთმანეთის უკეთ გვესმის და ამან გაგვაძლიერა. შესაბამისად, ვფიქრობ, სეზონის მეორე ნაწილში ბევრად მეტ ქულას მოვიპოვებთ, ვიდრე გასულ ორ წრეში. სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელს დავიმატებთ და გავძლიერდებით. მჯერა, სეზონს ძალიან კარგად დავასრულებთ“.