სტივ კინი - ჩემპიონატის დაწყებისთვის 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა ესპანურ შეკრებაზე „ჰერკულესთან“ გამართული მატჩი (1:0) შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა გიორგი არაბიძის გოლით მოიგო. მან ასევე გაიხსენა ნორვეგიულ „სტაბეკთან“ (1:2) დაპირისპირებაც.
„დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ამ სტადიონზე ვიყავი. წლების წინ აქ „სოსიედადთან“ ერთად ჩამოვედი, დღეს – „ტორპედოსთან“. აქ დაბრუნება და კარგი თამაში სასიამოვნოა.
„სტაბეკთან“ პირველი ამხანაგური მატჩი განსხვავებული იყო. ფიზიკურად მეტოქე ჩვენზე უკეთ იყო მომზადებული. ჩვენი შეკრების მთავარი მიზანიც ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაა სეზონის დაწყებამდე. დღეს ბევრად დატვირთული ვარჯიშები გვაქვს, ვიდრე მანამდე.
„ჰერკულესთან“ შეხვედრა განსხვავებული იყო. ზოგადად, თითოეული მატჩი ჩვენთვის გაკვეთილია. დღეს, როდესაც გოლი გავიტანეთ, აქცენტი ბურთის კონტროლზე გავაკეთეთ.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყველა ფეხბურთელი კარგად მოემზადოს. ამხანაგურ შეხვედრებში დროს ყველა მიიღებს. იმ ოთხ მატჩზე ვფიქრობთ, რომელიც სანაკრებო შესვენებამდე გვექნება. ჩემპიონატის დაწყებისთვის 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ“, – ამბობს სტივ კინი.
ქუთაისის „ტორპედო“ ესპანურ შეკრებაზე მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 17 თებერვალს ესტონურ „ლევადიასთან“ გამართავს.