NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა, მერვედფინალური სერიის რიგით მეხუთე შეხვედრაში “სან ანტონიო სპურსს” უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. “გოლდენ სტეიტ ვორიორსმა” მეტოქე 8 ქულის სხვაობით, 99-91 დაამარცხა და სერია ანგარიშით 4-1 მოიგო.
მატჩის დასრულების შემდეგ მასპინძლების მთავარი მწვრთნელი, სტივ კერი ლეგენდარულ მანუ ჯინობილისთან მივიდა და მოთამაშის კარიერის გაგრძელება სთხოვა –
“გააგრძელე თამაში, რატომაც არა? ჩვენ წელს როჯერ ფედერერს შევხვდით. ვკითხე თუ რატომ არ ასრულებდა კარიერას, მან კი მიპასუხა, რომ ძალიან უყვარს ჩოგბურთი. შენც გიყვარს კალათბურთი, ასე რომ გააგრძელე თამაში. სხვათაშორის როჯერს მაგონებ.”
არგენტინელი კალათბურთელი 40 წლისაა და ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 2002 წლიდან თამაშობს. მან მთელი კარიერა “სან ანტონიო სპურსში” გაატარა. ჯინობილიმ კლუბთან ერთად ჩემპიონის ტიტული ოთხჯერ მოიპოვა.