სტიპე მიოჩიჩი ნგანუსთან რემატჩზე - შედეგი იგივე იქნება, რაც პირველ ბრძოლაში
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი სტიპე მიოჩიჩი 27 მარტს ტიტულის დაცვას კიდევ ერთხელ შეეცდება. UFC 260-ის ფარგლებში წარმოშობით ხორვატი მებრძოლი ფრენსის ნგანუსთან რიგით მეორე ბრძოლას ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ სტიპე და ფრენსისი პირველად ერთმანეთს 2018 წლის იანვარში (UFC 220) შეხვდნენ. პირველი დაპირისპირება მიოჩიჩის სრული უპირატესობით წარიმართა.
სატიტულო ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ აფრიკელმა მძიმეწონოსანმა ზედიზედ 4 ბრძოლა მოიგო. საინტერესოა, რომ ამ 4 გამარჯვებისთვის ნგანუს ოქტაგონზე სულ 2:42 წუთი დასჭირდა. ყველა ბრძოლა ფრენსისმა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაასრულა.
რაც შეეხება მიოჩიჩს, ჩემპიონმა ბოლოს UFC 252-ის ფარგლებში იბრძოლა და დენიელ კორმიე მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა. სტიპემ მოახლოებულ მნიშვნელოვან ბრძოლასთან დაკავშირებით კომენტარი ერთ-ერთ პოდკასტზე გააკეთა:
„ფრენსისი ძალიან რთული მეტოქეა. ის ყველას ნოკაუტში უშვებს და დიდ ძალას ფლობს. მას მოგებათა კარგი სერია აქვს, თუმცა მისდა სამწუხაროდ, შემდეგი ბრძოლის გამართვა ჩემთან მოუწევს. ის, რა თქმა უნდა, უკეთესია ვიდრე პირველ დაპირისპირებაში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მეც ბევრად უკეთესი მებრძოლი ვარ და გპირდებით, რომ შედეგი იგივე იქნება. ვიცი, რომ ასაკი მემატება, თუმცა ამასთან ერთად, სიბრძნესაც ვიძენ. ასევე მაქვს გარკვეული ახალი მახეები, რომელთან გამკლავებაც ფრენსის ძალიან გაუჭირდება. ქამარი აუცილებლად მე დამრჩება.“