სტიაუას პრეზიდენტი - ქალი ფეხბურთისთვის არ არის შექმნილი, ეს ეშმაკის იდეაა
სტიაუას პრეზიდენტი - ქალი ფეხბურთისთვის არ არის შექმნილი, ეს ეშმაკის იდეაა

რუმინული გრანდის, „სტიაუას“ მფლობელმა ჯიჯი ბეკალიმ მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა. ამჯერად, ის ქალთა ფეხბურთის განვითარების წინააღმდეგ გამოვიდა.

„თუ უეფა მომთხოვს ქალთა გუნდის შექმნას, ფეხბურთიდან წავალ. არ შეიძლება, ღმერთის საწინააღმდეგოდ რაღაცის კეთება. როგორ შეიძლება, ქალმა ფეხბურთი ითამაშოს?! ის ამისთვის არ არის შექმნილი. მისი სხეული ამისთვის არ გამოდგება. ქალი შეიქმნა იმისთვის, რომ იყოს ლამაზი და მოხიბლოს მამაკაცები. მათ უნდა ითამაშონ ხელბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი და არა სპორტის აგრესიული სახეობები. ქალთა ფეხბურთი – ეს ეშმაკის იდეაა“, – მოჰყავს ბეკალის სიტყვები „ბლიჩერ რეპორტს“ (Bleacher Report).

ეს არ არის რუმინული კლუბის მფლობელის პირველი პროვოკაციული განცხადება. ოქტომბერში მან პაულო დიბალას 165-სანტიმეტრიანი გნომი უწოდა.

თავის დროზე, ბეკალი სამი წელი იჯდა ციხეში სახელმწიფო მიწების კერძო პირისთვის უკანონოდ გადაცემის გამო.