სტეფენ ჯექსონი - მე აქ სამართლიანობისთვის ვარ და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მას ჩემი ძმისთვის, ჯორჯ ფლოიდისთვის [ვიდეო]
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყოფილმა კალათბურთელმა სტეფენ ჯექსონმა მედიასთან პირველად ისაუბრა ახლო მეგობრის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით. ჯექსონმა მოითხოვა, რომ სახელმწიფომ სასწრაფოდ მიიღოს ზომები, იმისათვის, რომ ყველა პირი, ვინც რაიმე ფორმით მონაწილეობდა ფლოიდის მკვლელობაში უმკაცრესად დაისაჯოს.
მინეაპოლისში გამართულ პრესკონფერენციას ჯექსონის გარდა ჯორჯ ფლოიდის შვილის დედა – როქსი ვაშინგტონიც დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა. სტეფენ ჯექსონმა კი პირობა დადო, რომ მანამდე გააგრძელებს ბრძოლას, სანამ საქმესთან დაკავშირებით სამართლიანობას არ მიაღწევს.
„ფლოიდი შესაძლოა აქ არ არის, თუმცა მე ვარ აქ მისი შვილის გულისთვის. მე აქ იმისათვის ვარ, რომ სამართლიანობას მივაღწიო და მინდა გითხრათ, რომ ეს აუცილებლად მოხდება. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ საწადელს ჩემი ძმის გულისთვის. არსად წასვლას არ ვაპირებთ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. მე ბოლომდე ვიდგები როქსის და ჯიჯის გვერდით.“ – განაცხადა ჯექსონმა.