სტეფანწმინდაში საერთაშორისო ტურნირი დაიწყო
სტეფანწმინდაში საერთაშორისო ტურნირი დაიწყო

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა.

საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი ტარიელ ალიბეგაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი, საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი და საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი იყო. ტიტულოვანი სპორტსმენი 1991 წლის 25 მარტს, ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა. მისი სახელობის ტურნირი 15-წლიანი პაუზის შემდეგ აღადგინეს.

საქართველოს სხვადასხვა ქალაქების გუნდებთან ერთად აფხაზეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ტურნირის მთავარი მსაჯი ოლიმპიური კატეგორიის არბიტრი ედიშერ მაჩაიძეა. შეჯიბრება სპორტის დარბაზში მიმდინარეობს, რომელიც 2018 წელს განაახლეს.

ტურნირის გახსნას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი.