სტეფანო პიოლისა და პაოლო მალდინის „მილანიდან“ დათხოვნა ემუქრებათ #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩენის შემთხვევაში „მილანში“, შესაძლოა, სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდეს.
როგორც გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი წერს, უახლოესი ოთხი ან ხუთი მატჩი, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს მთავარი მწვრთნელისთვის, სტეფანო პიოლისთვის და სპორტული დირექტორისთვის, პაოლო მალდინისთვის. ისინი შეიძლება დაითხოვონ, თუ კლუბი გავარდება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან და ვერ მოხვდება სერია A-ს ტოპ ოთხეულში.
2022 წლის ივნისში მალდინიმ და პიოლიმ კონტრაქტები გააგრძელეს, რითიც მათ გუნდის მშენებლობაში ნდობა გამოუცხადეს. მაგრამ საინვესტიციო კომპანია RedBird-ი, რომელიც ფლობს „მილანს“, იმედგაცრუებულია იმით, რომ ვერცერთმა ახალწვეულმა წარმატებული თამაში ვერ აჩვენა.
„მილანის“ მფლობელებს ეჭვი გაუჩნდათ პიოლისა და მალდინისთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუნდმა სერია A-ს ბოლო ტურში „სპეციასთან“ 0:2 წააგო. მათ აქვთ შეგრძნება, რომ გუნდმა უკან გადადგა ნაბიჯი, ამან კი ფულის დაკარგვა გამოიწვია, რომელიც RedBird-მა კლუბში დააბანდა. მფლობელებს მიაჩნიათ, რომ პიოლი ვერ იღებს მაქსიმუმს მოთამაშეებისგან.
„მილანს“ ბოლო ხუთ მატჩში ერთი მოგება აქვს. სერია A-ში გუნდი მეხუთე ადგილზეა და ოთხი ქულით არის დაშორებული ჩემპიონთა ლიგის ზონას, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი კი „ინტერთან“ 0:2 დათმო.