სტეფ კარი შეუჩერებელია - უორიორსი 129-105 კავალიერსი [ვიდეო]
სტეფ კარი შეუჩერებელია - უორიორსი 129-105 კავალიერსი [ვიდეო]

NBA-ს მოქმედი ჩემპიონი „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ შარშანდელ ფინალისტს, „კლივლენდ „კავალიერზს“ დაუპირისპირდა და მეტოქე უხვქულიან შეხვედრაში 129-105 დაამარცხა. არადა მასპინძლებმა პირველი ნახევარი ექვს ქულიანი უპირატესობით 64-58 მოიგეს.

ოქლენდელთა მხრიდან თავი კვლავ სტეფ კარიმ გამოიჩინა. მას არასრულ 34 წუთში 42 ქულა, ცხრა მოხსნა, შვიდი შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა ჰქონდა. ტრადიციულად შედეგიანი იყო კევინ დურანტიც, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ერთი გადაცემა დააკლდა – 25 ქულა, 10 მოხსნა, ცხრა გადაცემა.

დამარცხებულ გუნდში თავი ტრისტან ტომფსონმა გამოიჩინა. მის ანგარიშზე 14 ქულა, 19 მოხსნა და სამი გადაცემა იყო. კარგად ითამაშა კოლინ სექსტონმაც – 19 წლის კალათბურთელმა 21 ქულა მოაგროვა. „კავალიერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერია – მათ ანგარიშზე ხუთი გამარჯვება და 19 მარცხია.

რაც შეეხება „უორიორსს“, მათ 17 გამარჯვება და ცხრა მარცხი აქვთ და დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.

შეხვედრა დათმო საქართველოს ნაკრების ზაზა ფაჩულიას „პისტონსმა“. დეტროიტელები ფაჩულიას ყოფილ გუნდს, „მილვოკი ბაქსს“ დაუპირისპირდნენ და სტუმრად 92:115 წააგეს. საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს კარგი მატჩი ჰქონდა. მან 17 წუთსა და 31 წამში რვა ქულას, ხუთ მოხსნას და ერთ გადაცემას მოუყარა თავი. მარცხის მიუხედავად „პისტონსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, ხოლო ბაქსი კი ამავე კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს.

მორიგი საოცარი შეხვედრა ჩაატარა ლებრონ ჯეიმსმა. „მეფის“ „ლეიკერსმა“ სან ანტონიოს უმასპინძლა და „სპურსი“ დაძაბულ ბრძოლაში – 113-121 დაამარცხა.

ჯეიმსის ანგარიშზე 42 ქულა, ხუთი მოხსნა, ექვსი გადაცემა და ორი ჩაჭრა იყო. კუზმამ 22 ქულა და ცხრა მოხსნა მოაგროვა. სან ანტონიოს ვერ უშველა დემარ დეორზანის გარჯამ, რომელმაც 32 ქულა, შვიდი მოხსნა, სამი გადაცემა და ორი ჩაჭრა მიითვალა.