სტეფ კარი და მაილზ ბრიჯესი პირველი კვირის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ #1TVSPORT
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) პირველი სათამაშო კვირის ლაურეატები დაასახელა.
დასავლეთ კონფერენციაში გამოარჩიეს „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი სტეფ კარი. „უორიორზმა“ სეზონი სამიდან სამი მოგებით დაიწყო. კარი ამ მატჩებში საშუალოდ 31.0 ქულას, 9.0 მოხსნასა და 7.0 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ჩემპიონატის პირველ მატჩში „ლეიკერსის“ წინააღმდეგ მცველმა კარიერაში მერვე სამმაგი დუბლი შეასრულა (21 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი). „კლიპერთან“ შეხვედრაში 45 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა, ბოლოს კი 27 ქულა და 10 შედეგიანი პასი დააგროვა „საკრამენტოს“ წინააღმდეგ.
აღმოსავლეთში საუკეთესო გახდა „შარლოტის“ ფორვარდი მაილზ ბრიჯესი. სამიდან სამ მოგებულ მატჩში მისი საშუალო სტატისტიკა იყო – 25.0 ქულა, 8.0 მოხსნა და 2.7 ჩაჭრა. „ინდიანასთან“ პირველ მატჩში ბრიჯესს 13 ქულა, რვა მოხსნა, ოთხი პასი და სამი ჩაჭრა ჰქონდა, „კლივლენდთან“ 30 ქულა და შვიდი მოხსნა დააგროვა, „ბრუკლინის“ წინააღმდეგ კი 32 ქულა, ცხრა მოხსნა და ორი ჩაჭრა მიითვალა.