სტატისტიკურად ათწლეულის საუკეთესო ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა
სტატისტიკურად ათწლეულის საუკეთესო ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ საკუთარ ვებგვერდზე შეაჯამა ბოლო ათწლეულის (2010-19) სტატისტიკური შედეგები.

ამ პერიოდში ყველაზე მეტი მატჩი მოიგო სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა – 630 730-დან (86,3%). მეორე ადგილზეა ესპანელი რაფაელ ნადალი – 576 672-დან (84,5%), მესამეზე შვეიცარიელი როჯერ ფედერერი – 559 668-დან (83,7%). როგორც ხედავთ, სერბი პროცენტულადაც უგებს თავის მთავარ კონკურენტებს.

ეს ჩოგბურთელები ლიდერობენ მოგებების რაოდენობით კორტის სხვადასხვა საფარზე:

რაფაელ ნადალმა გრუნტზე 255 გამარჯვება მოიპოვა და 33 ტიტული დაისაკუთრა;

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ჰარდზე 416 მატჩი მოიგო, როჯერ ფედერერმა ბალახზე – 99 მატჩი.

10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ტაი-ბრეიკი მოიგო ამერიკელმა ჯონ ისნერმა – 367 (63%). შემდეგ მოდიან: ხორვატი ივო კარლოვიჩი – 228 (58%), კანადელი მილოშ რაონიჩი – 215 (43%), როჯერ ფედერერი – 195 (29%) და სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი – 182 (35%).

გარდა ამისა, ისნერი ათწლეულის ლიდერია ეისების რაოდენობით – 10 619. შემდეგ მოდის კარლოვიჩი – 7 804 ეისი.

საკუთარ მოწოდებაზე საუკეთესოა ივო კარლოვიჩი – გეიმების 92.5 პროცენტი მოიგო. ცოტათი ჩამორჩნენ მას ჯონ ისნერი – 92.2% და მილოშ რაონიჩი – 91%.

მეტოქის მოწოდებაზე თამაშის მხრივ, ლიდერები არიან რაფაელ ნადალი – 34% და ნოვაკ ჯოკოვიჩი – 33.6%.

გასულ ათწლეულში ორი მოთამაშე გახდა პირველად რეიტინგის ლიდერი – ნოვაკ ჯოკოვიჩი და ბრიტანელი ენდი მარეი.

ჯოკოვიჩმა ხუთჯერ დაასრულა წელი პირველი ჩოგანის რანგში, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. გარდა ამისა, სერბი ლიდერია კლასიფიკაციის პირველ პოზიციაზე გატარებული კვირების რაოდენობით – 275. შემდეგი სამი ადგილი ეკუთვნით რაფაელ ნადალს – 158, როჯერ ფედერერს – 48 და ენდი მარეის – 41.

ამ სამეულის მაჩვენებელი 28 კვირით ნაკლებია ჯოკოვიჩის მაჩვენებელზე.

დაბოლოს, ერთი საინტერესო სტატისტიკური ფაქტი: ერთადერთი ჩოგბურთელი, რომელიც გასულ ათწლეულში მუდმივად იყო რეიტინგის ტოპ-ათეულში – ესპანელი რაფაელ ნადალია.