სტალე სოლბაკენი - საქართველოს ნაკრებს მეორეც რომ გაეტანა, ურთულეს ვითარებაში აღმოვჩნდებოდით, მაგრამ გადავრჩით #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებთან ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში მოგებული (2:1) მატჩის შემდეგ, ნორვეგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სტალე სოლბაკენს პრესკონფერენციაზე კითხვა ახალი ვარსკვლავის, ანტონსიო მუსას შესახებ დაუსვეს, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და მასპინძლების მოგებაში დიდი როლი ითამაშა.
სოლბაკენი შედეგით კმაყოფილი დარჩა, მაგრამ არა მომენტების რეალიზებით და პრესკონფერენციაზე ბოლო წუთებზე გაშვებული გოლი გუნდის მოდუნებას მიაწერა.
„აქამდე მას მშვიდი, ყოველდღიური ცხოვრება ჰქონდა. ახლა მან შესანიშნავად ითამაშა და უკვე ვარსკვლავურ ცხოვრებას იწყებს და შესაბამისად, მეტ ყურადღებასაც მიიქცევს, მაგრამ ეს დასაწყისია და მჯერა, ნაკრებში შემდეგ თამაშებში კიდევ უფრო გაიხსნება.
რაც შეეხება ბოლო წამებზე გაშვებულ გოლს – ალბათ, ამ მომენტში ჩვენი მენტალური პრობლემა გამოჩნდა. თამაშის დასრულებამდე 20 წამი იყო დარჩენილი და ჩავთვალეთ, რომ შეხვედრა მოგებული გვქონდა.
თუმცა, ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი შანსი მიეცა. ეს რომ გაეტანათ, ძალიან რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებოდით, მაგრამ გადავრჩით და სასურველი 3 ქულა მოვიპოვეთ. ეს მახარებს, მაგრამ მსგავსი შეცდომები შემდეგ მატჩებში უნდა გამოვრიცხოთ.
ასეთი შეცდომების გამო დავმარცხდით შოტლანდიასთან. დღემდე მჯერა, რომ ეს თამაში რაღაც განსხვავებული და არალოგიკური იყო, რადგან ინდივიდუალური შეცდომის გამო წავაგეთ. ამის შედეგია, რომ ახლა ჯგუფში დაწინაურების ჯერ კიდევ მცირე შანსი გვაქვს“, – ამბობს სტალე სოლბაკენი.