სრულფასოვანი კონტრაქტი გუგეშაშვილს - „ყარაბაღს“ ქართველი მეკარის დატოვება სურს #1TVSPORT
აზერბაიჯანის მოქმედი ჩემპიონი „ყარაბაღი“ მეკარე ლუკა გუგეშაშვილს სრულფასოვან კონტრაქტს სთავაზობს – ინფორმაციას გამოცემა „აზერისპორტი“ ავრცელებს.
საქართველოს ნაკრების მეკარე ბოლო წლების საუკეთესო აზერბაიჯანულ კლუბში იჯარით თამაშობს. მისი ტრანსფერი პოლონურ „იაგელონიას“ ეკუთვნის, მაგრამ გუნდში არც უთამაშია, ბოლო წლებში კი იჯარით გორის „დილაში“ გამოდიოდა.
აზერბაიჯანული გამოცემის ცნობით, კლუბმა ქართველ მეკარეს კონტრაქტის გამოსყიდვისა და სრულფასოვანი ხელშეკრულების გაფორმების წინადადებით უკვე მიმართა. „აზერისპორტის“ მტკიცებით, 22 წლის მეკარეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და „ყარაბაღში“ მის პასუხს სეზონის დასრულებამდე ელიან.
გუგეშაშვილი გორის „დილაში“ იჯარით გამოდიოდა და ამ პერიოდში ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში მიიწვია. ამის შემდეგ მისით „ყარაბაღი“ დაინტერესდა, რომელსაც „მარსელთან“ კონფერენს ლიგის პლეი ოფის მატჩებამდე მთავარი მეკარე დაუშავდა და ლუკა აზერბაიჯანულ კლუბში გადავიდა.
გუგეშაშვილმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში კარგი თამაშები ჩაატარა, მაგრამ „მარსელთან“ შეცდომები დაუშვა და ბოლო პერიოდში სათარიგოთა შორის დასვეს. თუმცა სრულფასოვანი ხელშეკრულების გაფორმების წინადადება ქართველი მეკარისადმი ნდობის გამოხატულებაა და უახლოეს პერიოდში გვეცოდინება, გუგეშაშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს.