სრეჩკო კატანეცი - საქართველოს ნაკრებთან უზბეკეთს კარგი გამოცდა ელის #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს გორში უმასპინძლებს უზბეკეთის ეროვნულ გუნდს, რომლის მთავარი მწვრთნელი სრეჩკო კატანეცი მეოთხე შეხვედრისთვის ემზადება – აზიელები ჯერ შვედეთთან დამარცხდნენ 1:2, მერე მალაიზიას დიდი ანგარიშით მოუგეს 5:1, ხოლო იორდანიასთან 0:3 წააგეს.
უზბეკეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოსთან ამხანაგური მატჩის წინ მედიასთან გუნდის მზადებასა და პრობლემებზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები შესანიშნავი მეტოქეა. ეს ჩვენთვის კარგი გამოცდა იქნება, რომლისთვისაც კარგად ვემზადებოდით, მაგრამ ბევრი მოთამაშე დაგვაკლდა. რაც შეეხება შემადგენლობას, დაცვაში ბევრი პრობლემა გვაქვს. კერძოდ, რუსტამ აშურმატოვი სავიზო პრობლემების გამო ვერ ჩამოვიდა. ასევე, შაჰზოდ უმაროვი ჩვენს გუნდს კორონავირუსის გამო ვერ ეხმარება“, – ამბობს კატანეცი.
უზბეკეთის ნაკრების სლოვენიელმა მწვრთნელმა ახალ სახეებზეც ისაუბრა:
„თითქმის ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელზე შეიძლება დადებითად საუბარი. ჩამოსვლამდე ვიცოდი შომუროდოვისა და მაშარიპოვის შესახებ. ყველა სხვა ახალგაზრდა ჩემთვის უცნობი იყო. ჩვენ ვაძლევთ მათ დროს და შანსს, თუნდაც შეცდომა დაუშვან. მოგვიანებით ისინი ადაპტაციას გაივლიან და გუნდის დახმარებას შეძლებენ“.
კატანეცის თქმით, უზბეკეთის ნაკრების შეტევის ხაზში დიდი კონკურენციაა, მაგრამ დაცვის პრობლემები ახსენა:
„შეტევაში ყველაფერი კარგადაა. მაგრამ გუნდი უნდა აეწყოს არა კონკრეტულ მოთამაშეებზე, არამედ სისტემაზე. ახლა პრობლემები დაცვაში გვაქვს. ჩემი მთავარი მიზანი არის შეკრული გუნდის შექმნა და დაცვის ხაზის გაძლიერება“.