სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიხსნა XXII საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი „ოლიმპიური სპორტი და სპორტი ყველასათვის“.
მასში 20-ზე მეტი ქვეყნის უმაღლესი სპორტული სასწავლებლების წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის – ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი კაირატ ზაკირიანოვი და საუნივერსიტეტო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ოლეგ მატიცინი.
კონგრესი სპორტის უნივერსიტეტის დააარსების 80 წლის იუბილეს ეძღვნება. მონაწილეებმა თანამედროვე მომზადების მეთოდებზე, სპორტის კომერციალიზაციის და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე ილაპარაკეს.
„ჩვენი სპორტის უნივერსიტეტი დიდი ხნის განმავლობაში დახურული იყო. მაგრამ 2014 წელს აღდგა და მას შემდეგ ძალებს ვიკრებთ და საერთაშორისო კონტაქტებზე გავდივართ. სპორტი მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია – კონგრესის ჩატარება სწორედ ამ ცოდნის და გამოცდილების შეძენას ემსახურება“ – ამბობს სპორტის უნივერსიტეტის რექტორი ჯემალ ძაგანია.
შალვა გოგოლაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე: „ოლიმპიური სპორტის განვითარება საინტერესოა მარკეტინგის და ბიზნესის კუთხით. კონგრესზე ძალაინ საინტერესო თემებზე იყო ლაპარაკი, მათ შორის, თანამედროვე მზადების მეთოდებსა და სპორტის კომერციალიციზიის გებზე. დარწმუნებული ვარ, ეს კონგრესი ქართული სპორტის განვითარებას და მის კომერციალიზაციას წაადგება“.