sports lens-მა „ოქროს ბურთის“ კანდიდატებში კვარაცხელია მესამე ადგილზე დაასახელა - ქართველი ამ ბრძოლაში მოულოდნელად გამოჩნდა #1TVSPORT
გამოცემა sports lens-ში ჟურნალისტმა ჩარლ როდსმა „ოქროს ბურთის“ კანდიდატებზე წერილი გამოაქვეყნა და ყურადღება საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა.
გასაკვირი არ არის, რომ „ოქროს ბურთის“ შვიდგზის გამარჯვებულს, ლიონელ მესის ჯილდოს მოგების ყველაზე დიდი შანსი აქვს. 35 წლის ფეხბურთელი პსჟ-ში ტემპს არ ანელებს და საფრანგეთში პირველი სეზონის შემდეგ ყველა ეჭვი გააქარწყლა – 27 მატჩში 30 გოლი გაიტანა.
რა თქმა უნდა, კატარში ზღაპრული მსოფლიო ჩემპიონატი და საფრანგეთის წინააღმდეგ ლეგენდარული ფინალი, მისი ბრწყინვალე კარიერის მთავარი მოვლენა გახდა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ არგენტინელმა „ოქროს ბურთი“ მერვედ მიიღოს.
წერილის ავტორის თქმით, სიაში მოულოდნელი სიურპრიზი 22 წლის ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიაა.
2023 წლის ოქროს ბურთის მოგების შანსები: ბრძოლაში კვარაცხელია ჩაერთო
2023 წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის, „ოქროს ბურთისთვის“, ბრძოლაში რამდენიმე მოულოდნელი გვარი გამოჩნდა. მიმდინარე მდგომარეობით ბუკმეკერების მთავარ პრეტენდენტთა შორის სამართლიანად მოხვდნენ „ნაპოლისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევები – ხვიჩა კვარაცხელია და მარკუს რაშფორდი.
კვარაცხელიას იტალიაში შთამბეჭდავი სეზონი აქვს და „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგებაში ეხმარება, რომელსაც გუნდი 1990 წლის შემდეგ პირველად მიუახლოვდა და სერია A-ში დიდი უპირატესობით დაწინაურდა. ხვიჩა მაღლა აწეული თავით მოედანზე ცეკვავს და ფეხის წვერებზე მორბენალი ასწრებს მცველებს, იგი ჯორჯ ბესტს გვაგონებს“, – წერს ჩარლ როდსი.
როდსი გამოცდილი საფეხბურთო ჟურნალისტია, რომელიც წერილებს ცნობილ გამოცემებში აქვეყნებს. საინტერესოა, რომ „ოქროს ბურთის“ კანდიდატების სიაში მან ქართველი მესისა და კილიან მბაპეს შემდეგ მესამე ადგილზე დაასახელა. პრეტენდეტთა შანსები ასეა შეფასებული:
ლიონელ მესი – 1/5, კილიან მბაპე – 6/1, ხვიჩა კვარაცხელია – 11/1, ერლინგ ჰალანდი – 17/1, ქარიმ ბენზემა – 18/1, მარკუს რაშფორდი – 28/1, ვინისიუს ჟუნიორი – 33/1.