Sportmediaset-ი კვარაცხელიაზე წერს - დიეგოს მემკვიდრეობა ჩაიბარა და ნეაპოლელთა გულებში ადგილი მოიპოვა #1TVSPORT
Sportmediaset-ი კვარაცხელიაზე წერს - დიეგოს მემკვიდრეობა ჩაიბარა და ნეაპოლელთა გულებში ადგილი მოიპოვა #1TVSPORT

Sportmediaset-ის ვებგვერდზე ჟურნალისტმა ალესანდრო ფრანკეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის მას დიეგო მარადონას შემცვლელად ასახელებს.

„ქართველმა დიეგოს მემკვიდრეობა ჩაიბარა და ნეაპოლელთა გულებში ადგილი სამუდამოდ მოიპოვა. ოცნებების გაღვიძებას ისე ვერავინ შეძლებდა, როგორც ეს ხვიჩამ გააკეთა.

დიდი კერპის, დიეგოს შემდეგ პირველ საჩემპიონო სეზონში კვარაცხელიამ უდიდესი სიყვარული მოიპოვა. ვიქტორ ჰიუგო მორალესმა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისთან მარადონას გოლის კომენტირებისას ასეთი სიტყვები თქვა: „მარადონამ მიიღო ბურთი, მცველები მას ავიწროვებენ, მაგრამ ბურთი ფეხზე მიიკრა“. კვარაცხელიას ეს რამდენჯერ გაუკეთებია? ბურთის მიღებისთანავე დაიხრება და იწყება დრიბლინგი.

რეალურად, მათ შორის შეხების წერტილი სწორედ დრიბლინგია. მარადონა და კვარაცხელია თითქმის ყველაფერში განსხვავებული მოთამაშეები არიან. არგენტინელი მთელ მოედანზე მოძრაობდა, ქართველი კი მარცხენა ფლანგითაა შემოფარგლული. ხასიათებითაც განსხვავდებიან – დიეგოს გადაჭარბებული ინდივიდუალიზმი ახასიათებდა, ხვიჩა უფრო წინდახედული და გუნდურია.

იტალიის ჩემპიონატი მარადონამ პრაქტიკულად თავად მოიგო. კვარაცხელია კი გუნდის ნაწილია, რომლის სრულყოფილ მექანიზმში ყველა თავის როლს ასრულებს და ერთპიროვნული ლიდერი არ ჰყავს. რა თქმა უნდა, კვარამ და ოსიმენმა ჩემპიონობაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

თუმცა, „ნაპოლის“ მესამე ჩემპიონობაში შეუძლებელია კიმის, ლობოტკას, ანგისას ან დი ლორენცოს დავიწყება. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. საბოლოოდ, მარადონა ყოველთვის თავად ქმნიდა ისტორიას, ხოლო ამ ფეხბურთელებს დიდი გზა აქვთ გასავლელი.

თუმცა, ფაქტია, რომ სიზმრებისკენ მიდრეკილმა ქალაქმა კვარაცხელიას თამაშის მანერა დიეგოსავით განადიდა. ქართველის უნარი, მუდამ წინ წავიდეს, ფეხბურთის არსია. ნიჭი, რომელიც გუნდს უპირატესობას უქმნის. კვარას არ აქვს სხვა დიდი ვარსკვლავების მსგავსი (როგორიცაა ლეაო) ფიზიკური ძალა, მაგრამ აქვს ნიჭი, მოედნის ხედვა, სიჩქარე, ბურთის დახვეწილად ფლობის უნარი.

ესაა ნამდვილი ფეხბურთი. ქართველი იტალიის ჩემპიონატის აღმოჩენად და ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ გადაიქცა. ეს არ იქნება ერთი სეზონის წარმატება, ეს დიდი მოგზაურობის პირველი ეტაპია და მან უკვე მოახერხა „სკუდეტოს“ მოგება.

მარადონას მოეწონებოდა კვარაცხელია და ადვილია, იფიქრო, რომ ზეცაში მყოფი დიეგო მისი თამაშის ყურებისას ტკბება. შეუძლებელია, არ შეამჩნიო დეტალი – არგენტინამ მარადონას შემდეგ პირველად ახლა მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, 36 წლის შემდეგ. „სკუდეტოც“ ნეაპოლიში ახლა, 33 წლის შემდეგ დაბრუნდა.

უბრალოდ, გინდა, გააგრძელო ვიქტორ ჰიუგო მორალესის სიტყვების მოსმენა, დახუჭო თვალები და სცადო, გუშინდელი მარადონას ადგილას დღევანდელი კვარაცხელია წარმოიდგინო, თან იღიღინო: „გენიოსი, გენიოსი, გენიოსი““, – წერს ალესანდრო ფრანკეტი.